ზაქარია ქუცნაშვილი:   ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე და დუმილს ვარღვევ

ზაქარია ქუცნაშვილი:   ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე და დუმილს ვარღვევ

ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე და დუმილს ვარღვევ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განუცხადა.

ქუცნაშვილის აცხადებს, რომ პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ იცოდა, რომ მის სავარძელს სერგეი გავრილოვი დაიკავებდა.

„მინდა, 100-დღიანი დუმილი დავარღვიო. პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რომ ჩემთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. მხოლოდ ამის შენდეგ ჩავთვალე საჭიროდ სიმართლის თქმა.

გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა და სხდომის რუსულად წაყვანა ეს ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. აქ ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევის შემთხვევა. სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ მდივანს.

კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო.

ის, რაც 20 ივნისს მოხდა, ამას ქაჯობა ვუწოდე. როცა ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები გაქვს საქართველოს ინტერესების გასატანად და იმას ნაცვლად გამოყენებისა არბევ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მარტო დავრჩე საკუთარი სინდისის წინაშე ამ პოზიციას არ შევიცვლი. პასუხი იმ ქაჯებს უნდა მოსთხოვო, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო.

ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე“, – განაცხადა ქუცნაშვილმა ბრიფინგზე.

ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა პარლამენტის წევრის მანდატი.

„ოპოზიციამ, იცოდა რა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდნენ, ისინი ვა ბანკზე წავიდნენ, რადგანაც ისინი მთავარი პროპაგანდის ინსტრუმენტს კარგავდნენ. დაწყებული იმით, რომ პარლამენტის შტურმი განახორციელა 20 ივნისის ღამეს, საზოგადოების პროვოცირებით შეეცადნენ აგრესია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამოეწვიათ, რომ ქართველ ხალხს „რუსთავი 2“ დაერბია და მსოფლიოს თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი გამოჩენილიყვნენ.

მანდატი ორი მიზეზი გამო დავტოვე. პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მიმაჩნია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი სხვის შეცდომაშიც თავის წილს უნდა ეძებდეს. ამ შემთხვევაში, ჩემი შეცდომა ალბათ იმაში მდგომარეობდა, რომ ექვსი წლის განმავლობაში არ წარმოვაჩინე ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა ისე, როგორც იმსახურებდა. მეორე ძალიან ადამიანური მიზეზია. მე ასე ვარ გაზრდილი, რაღაც საქმეს, რომ ვაკეთებ და იმ საქმეში ბევრნი ვართ ერთმა არ უნდა აგოს პასუხი. როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მზაობა გადადგომის შესახებ, მე მის გადაწყვეტილებას ვერ დავტოვებდი ადამიანური სოლიდარობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მე დავთმე მანდატი, მაგრამ არ ვაპირებ სიმართლე დავთმო. მანდატი ჩემი ინიციატივა იყო და გუნდმაც მხარი დამიჭირა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისვე თქმით, პოლიტიკურ ოპოზიციას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.

„ქაჯობა, როცა ქვეყანა ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი ხარ და იმ ორგანიზაციის მთავარი სხდომის ჩატარებას შეცდომად მიიჩნევ. ქაჯობაა, აბა სხვა რა არის ეს. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი, მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ. იქნებ ეგეც მოიკითხოთ.

მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საქართველოს თანამშრომლობა მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან მნიშვნელოვანია. ცნობილი მოვლენები სამწუხაროდ ტყუილების ტირაჟირებამ გამოიწვია. არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის ამ ორგანიზაციაში ჩვენი მუშაობა მნიშვნელოვანია. 2013-2015 წლებში ამ ორგანიზაციაში რომ არ ვყოფილიყავით ბატონი ზატულინის გეგმა განხორციელდებოდა და დე ფაქტო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები ამ ასამბლეის დამკვირვებელი წევრები გახდებოდნენ. ჩვენი უშუალო ძალისხმევით ზატულინის გეგმა ჩაიშალა.

დიდი ტყუილი, რაც მაშინ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ იყო ტირაჟირებული, იმაში მდგომარეობდა, ვითომ ჩვენ რუსები საქართველოში პირველად ჩამოვიყვანეთ აფხაზეთის და ცხინვალის უსამართლო ომების შემდეგ. უტყუარი ისტორიული ფაქტია, რომ რუსები პირველად მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა 2003 წელს პარლამენტის შენობაში პუტინის დავალებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მიხეილ სააკაშვილს სწორედ პარლამენტის შენობაში შეხვდა 2003 წლის 23 ნოემბერს. კრწანისის რეზიდენციაში შევარდნაძესთან წაიყვანა და მისი უპირობო გადადგომის მოთხოვნა მიიღო. სააკაშვილი და ივანოვი პარლამენტში დაბრუნდნენ და პარლამენტის შენობაშივე გამოაცხადა იგორ ივანოვმა სააკაშვილი ე.წ. რევოლუციაში გამარჯვებულ პირად“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.