23 წლის გიორგი მენაბდიშვილი, ქურდობაში ეჭვმიტანილ სხვა ქართველ მამაკაცში შეეშალათ და თურქეთში 15 დღის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ახალგაზრდა იტალიიდან ცოლ-შვილთან ერთად ბრუნდებოდა, რა დროსაც სტამბოლის აეროპორტში დაიჭირეს. ადგილობრივი ადვოკატის ცნობით, ახალგაზრდას დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მას და ქურდობაში ეჭვმიტანილს ერთი და იგივე სახელი, გვარი და დაბადების თარიღი აქვთ.
"ჩვენ ვბრუნდებოდით იტალიიდან რა დროსაც გადამოწმების მიზნით მოხდა ჩემი მეუღლის შეჩერება, რამდენიმე წამში კი ისე რომ არავის არაფერი განუმარტია ის დააკავეს. 5 დღე მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდით, როგორც გაირკვა გადაყვანილი ჰყავდათ მკაცრი რეჟიმის დახურული ტიპის ციხეში. მხოლოდ 5 დღის შემდეგ მოახერხა დაკავშირება და შემდეგ უკვე ჩაერია ადვოკატი", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" დაკავებულის მეუღლემ.
ადვოკატის დახმარებით გაირკვა რომ ბრალდებულსა და უკანონოდ დაკავებულს შორის გარდა სახელის, გვარისა და დაბადების თარიღისა სხვა საერთო მსგავსება არაფერი იყო. ადვოკატმა დაარწმუნა სამართალდამცავები რომ პირს რომელსაც ეძებენ აბსოლუტურად სხვა ვიზუალი აქვს და მამის სახელით განსხვავდებიან. გიორგი უკვე თავისუფალია, შესაბამისი საბუთების გადაცემის შემდეგ კი ის თურქეთის ტერიტორიას დატოვებს, შინ საქართველოში გამოემგზავრება და რუსთავში ოჯახს დაუბრუნდება.
გიორგი მენაბდიშვილი, საქმის სამართლებრივ განხილვას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.