მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ სექსისტურ განცხადებასთან დაკავშირებით, იურისტი ხოფია ხორგუანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ნიშნის მოგებით წერს:
“კუბდარზე რას ამბობს? ხორციანია მაინც, ეგ გამომდის კარგად,” – წერს ხორგუანი სოციალურ ქსელში.
“მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის კომენტარს იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა:
წულუკიანი მიიჩნევს, რომ “რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“, სავარუდოდ, არ გამოეხმაურებიან”.
“ისევე, როგორც არასოდეს არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?“. ჰოდა, მე გამოვეხმაურები. იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, ვისაც ჰქვია საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალი. ვცდილობ მაინც.
ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში “მოსვლა” რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ “მოსვლას”? თქვენ, ამ განცხადებით, ასევე, შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც”, – წერს წულუკიანი.
მისი თქმით, “იმას მაინც არ იკადრებს არცერთი ქალი, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტში შეჰყოს თავი (იგულისხმება ანაკლია), “რომლის კეთების თავიც არ აქვს” და როცა გამოაშკარავდება, რომ არ აქვს თავი, თავის დასაძვრენად პოლიტიკური პარტიის შექმნა დაიწყოს”.
“ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს და დიდხანს გვახსოვს რაღაცები. გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი. ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს. იხუმრა, ეგონა, ალბათ…”, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.