რა კავშირი აქვს უკრაინაში ლიკვიდირებულ კრიმინალს გიორგი სანაიას მკვლელობასთან

რა კავშირი აქვს უკრაინაში ლიკვიდირებულ კრიმინალს გიორგი სანაიას მკვლელობასთან

უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან 10 დღის წინ ორ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. დღეს დაკავებისას კი საქართველოს მოქალაქემ, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

„საპასუხო ცეცხლის დროს მისი ლიკვიდაცია მოხდა“, – აცხადებენ პოლიციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ლიკვიდირებული პირი ცნობილი ქართველი კრიმინალი შოთა, იგივე მევლუდ ჭიჭიაშვილია, რომელსაც წარსულში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტადაც კი მოიხსენიებდნენ.

ჭიჭიაშვილის სახელი 90-იანი წლების არერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, მათ შორის მკვლელობებს, გატაცებებსა და ნარკობიზნესს. ასევე მისმა სახელმა გაიჟღერა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეშიც.

შოთა ჭიჭიაშვილით გამოძიება ბოლოს 2018 წლის მარტში დაინტერესდა. ამის საფუძველი პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ინტერვიუ გახდა, რომელიც პროკურატურამ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წლის შემდეგ ხელახალი გამოძიება დაიწყო...

ციხისთავი, რომელიც 90-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის წევრი იყო, ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის პოლიტიკური მკვლელობა მაშინდელ მთავრობაში დაიგეგმა და რეალურად, გიორგი სანაია საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ციხისთავი იმასაც ჰყვება, როგორ დაგეგმა და შექმნა შევარდნაძის ხელისუფლებამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. მკვლელობა კი საკუთარ თავზე გრიგოლ ხურცილავას, იგივე „გრიცკოს“ ააღებინეს.