„პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის და კიდევ ორი პირის დაკავების საფუძველი. გამოძიება მათ ანგარების მიზნით ცრუ-დასმენას ედავება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საუბარია თბილისში მცოხვრებ ოჯახზე, რომლებსაც ერთმანეთთან ქონებრივი დავა აქვთ. ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი მანია ავდალოვის და მისი ქალიშვილის, სვეტლანა ბაკერის ინტერესებს იცავდა, მეორე მხარეს კი მანია ავდალოვის ვაჟი - ვადიმ ავდალოვი წარმოადგენს.
ირკვევა, რომ დედამ და მისმა ქალიშვილმა ვადიმ ავდალოვის წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს მუქარისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის მოტივით. დედა, ქალიშვილთან ერთად ირწმუნებოდა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს მისი ვაჟი მათ თბილისში, კოტე აფხაზის N4-ში მდებარე ნაირა ოტიაშვილის საადვოკატო ბიუროს შესასვლელთან სიცოცხლის მოსპობით და ქონების გადაწვით დაემუქრათ. ვადიმ ავდალოვი 28 თებერვალს ბრალდებულის სახით დააკავეს, თუმცა მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ხსენებულ დროს მას არც დედამისი უნახავს და არც მისი და, შესაბამისად ვერანაინრად ვერ დაემუქრებოდა მათ.
ვადიმ ავდალოვის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმაც, რომელიც სამართალდამცველბმა მოწმის სახით გამოკითხეს. ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ 21 თებერვალს ოფისის შესასვლელთან დახვდა შეუძლოდ მყოფი მისი კლიენტი მანია ავდალოვი, მის ქალიშვილთან ერთად, რომელთაც ვადიმ ავდალოვი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ ინციდენტი ოფისში მის მისვლამდე მოხდა, 2019 წლის 21 თებერვალს.
„პრაიმტაიმისთვის" ცნობილი ხდება, რომ სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეო-თვალის ჩანაწერები, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება მანია ავდალოვის, სვეტლანა ბაკერის და მათი ადვოკატის - ნაირა ოტიაშვილის ჩვენებებს. 24 საათიანი უწყვეტი ჩანაწერის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ დღეს საჩივრის ავტორები - მანია ავდალოვი და სვეტლანა ბაკერი - კოტე აფხაზის N4-ში საერთოდ არ გამოჩენილან და შესაბამისად, კამერებს არც არანაირი ინციდენტი არ დაუფიქსირებიათ.