პარლამენტმა 85 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც დევნილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, შემწეობის შეწყვეტისთვის გათვალისწინებული ვადის გაზრდას გულისხმობს.
ცვლილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტით, თუ დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დევნილის შემწეობა შეუწყდება.
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ვადა 2 თვით არის განსაზღვრული.
საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე მიდიან მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან არსებობს უვიზო რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს, ხშირია შემთხვევები დევნილის დახმარების შეწყვეტისა, დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.