"მეტის ღირსია ეგ ქალი" - თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ადვოკატის დაკავებაზე

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ნაიარა ოტიაშვილის დაკავებას "ნიუპოსტთან" ეხმაურება.

მამუკა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ოტიაშვილი ოჯახური კონფლიქტის საქმეში ცრუდასმენას აიძულებდა მოწმეს.

შვილმოკლული მამა იმ უფლებადამცვალებს მიმართავს, რომლებიც ოტიაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.

ნაცვლიშვილის თქმით, "ნაირა ოტიაშვილისნაირი ადამიანები მათ რეპუტაციას უფუჭებენ".

"ადამიანის ციხეში ჩაჯდომა და სიკვდილი სანატრებელი არ არის, მაგრამ ღირსია, მეტის ღირსია ეგ ქალი. მეც ვუჩივლე მას ანას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. იმედია ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ვეცდები ამ სასამართლოს დავამატო ეს საქმე - ციხე თუ არა, ადვოკატობა მაინც უნდა ჩამოართვან. ადვოკატებს კი ვურჩევდი, ჩემი არც ჩემი ვარგა და არც სხვისი. ნაირა ოტიაშვილის გვერდში დგომა არ გამოადგებათ. ასეთი ადამიანები ადვოკატებს რეპუტაციას უფუჭებენ" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შსს-მ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული, რაც დასმენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ნაირა ოტიაშვილი თემქაზე, სასტიკად მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეში მსჯავრდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი იყო.