2008 წლის ომის შემდეგ, ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობდა, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა პირველად გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აუდიენციაზე ქართული მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი დაისვა. ასევე, საუბარი შეეხო უსაფრთხოებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ სხვა პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კი აუდიენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილეს.
“2020NEWS“- თან ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს აღნიშნული შეხვედრიდან, ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი შედეგი არ მიუღია. მისი თქმით, რთულია საუბარი ისეთ ქვეყანასთან, რომელიც საგარეო პოლიტიკას ტყუილზე აგებს.
“ერთი მხრივ, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მით უფრო, როცა ამ ქვეყნიდან მომდინარე მორიგი აგრესიის განხორციელების საფრთხე ძალიან მაღალია. თუმცა მერე მხრივ, ძალზეც რთულია მოლაპარაკება აწარმოო იმ ქვეყანასთან, რომლის საგარეო პოლიტიკა ტყუილზეა აგებული. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ, ამ დონის შეხვედრა პირველად გაიმართა, რაც კარგია, მაგრამ ამ აუდიენიციის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობაში რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, საქართველო რუსეთის დეოკუპაციის შესახებ საუბარს არ დაიწყებს. რუსეთი კვლავ აიძულებს საქართველოს მის მიმართ ლოიალური იყოს, რაც არალოგიკურია. ამ ეტაპზე შეხების წერილები საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
იურისტი ლია მუხაშავრია რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის არსებობის აუცილებლობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი-ზალკალიანის შეხდევრის შემდეგ, რუსეთს საქართველოსთან მიმართებით დადებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგის შენარჩუმენების ფორმა მნიშვნელოვანია.
“დიპლომატიაში გრძელი გზის გავლაა საჭირო იმისთვის, რომ რაიმე შედეგს მიაღწიო. მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრიდან, ჯერჯერობით, დადებითი ტენდენციები არ შეინიშნება, რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხევდრა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ჩვენ გვინდა სამშვიდობო, არასაომარი გზით გადავწყვიტოთ ქვეყნებს შორის არსებული პრობლემა. ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზა მომავალში გაგრძელდება“,- განაცხადა “2020NEWS“ -თან ლია მუხაშავრიამ.
საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, ორმხრივი შეხვედრა შვეიცარიის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრის ინიციატორად კი ქართული მინისტრი გვევლინება, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაში იკითხება.