თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უფლებადამცველმა, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ონისე მარგიანმა დაადასტურა.
ონისე მარგიანის განცხადებით, ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის დაკავებული. მისივე თქმით, განჩინებაში არ არის მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავების შესახებ განჩინება აბსურდულია და მისთვის უცნობია, რა საქმეს უკავშირდება ბრალდება.
„ძალიან ბუნდოვანია, აბსოლუტურად გაურკვეველია - მოსამართლის განჩინებით არის დაკავებული. ბრალი ხვალ წარედგინება და ხვალ უფრო ვრცელი ინფორმაცია მექნება. დღეის მდგომარეობი, მხოლოდ დაკავების შესახებ განჩინება გვაქვს, სადაც სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არ არის განმარტებული. საუბარია 373-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით, ან პირადი მოტივით. განჩინებაში კონკრეტულად ვინ, რაში დაასმინა, მითითებული არ არის. არადა, აუცილებლად, ვარაუდის დონეზე მაინც უნდა იყოს მითითებული. ამავე დროს არ არის მითითებული, რა იგულისხმება ანგარებასა და პირად მოტივში“, - აცხადებს ონისე მარგიანი.
მისის თქმით, სასამართლოს ნაირა ოტიაშვილის დაკავების შუამდგომლობით ძველი თბილისის პროკურატურამ მიმართა. ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის ბრალი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს წარედგინება.