იოსებ არჩვაძე:  საგარეო საშინაო ვალი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება

იოსებ არჩვაძე:  საგარეო საშინაო ვალი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება

ვინ გაისტუმრებს გაზრდილ საგარეო-საშინაო ვალს?! ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე “2020NEWS“-თან 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაზრდილ საგარეო და საშინაო ვალს გამოეხმაურა. 2020 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 22 681 700 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. იოსებ არჩვაძის თქმით, საგარეო ვალის აღება საქართველოს მძიმე ტვირთად აწვება, ამიტომ ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ მის მიერ აღებული საგარეო ვალის მოცულობა მთლიანად უნდა დაფაროს.

“საქართველო არ არის გამონაკლისი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც სახელმწიფო ვალს იღებენ. ბუნებრივია, აღნიშნული ვალი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. შესაბამისად, ქვეყნის სათავეში მყოფ ხელისუფლებას მის მიერ აღებული ვალის დაფარვის ვალდებულება უნდა გააჩნდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებას აღებული ვალის გარდა, მასზე დარიცხული პროცენტების გადახდაც უწევს, რაც დამატებითი ტვირთია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არის შემთხვევები, როცა აღებული ვალის გადახდის მაჩვენებელი მასშტაბურია. საქართველოს ვალზე საუბრისას უნდა გამოვყოთ ორი მომენტი. ის, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული, ეროვნულ ბანკთან ერთად და მერე - საქართველოს ბიზნესტრუქტურებისა და კომერციული ბანკების მიერ აღებული ვალი. თუ ამ თანაფარდობას ავიღებთ, მთელი ქვეყნის ვალში სახელმწიფოს წილი, დაახლოებით, 41%-ია, დანარჩენი კერძო სტრუქტურებზე მოდის“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ცნობისათვის, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 22 მილიარდ 681 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო საგარეო ვალი - 17.7 მილიარდი ლარით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი - 4.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა.