მამა პეტრე კოლხი მიხეილ სააკაშვილის მიერ რელიგიურ თემებზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
"ყველაზე მეტად თუ რამემ გამაღიზიანა, ეს არის რელიგიური ნიშნით ვაჭრობა და ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს არ უნდა ვენდო ცხოვრებაში", - ამბობს პეტრე კოლხი.
მისი თქმით, რელიგიური საკითხები და სულიერი ცხოვრება იმდენად ინტიმურია, რომ მისი აფიშირება არ უნდა ხდებოდეს.
"რელიგიური საკითხები და სულიერი ცხოვრება იმდენად ინტიმურია, რომ გარეთ სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანო, მისი აფიშირება არ უნდა ხდებოდეს და საზოგადოება არ უნდა გააღიზიანოს. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს ამით საკუთარი თავის რეკლამირება კი არ გამოუვიდა, უფრო მეტად დავრწმუნდით იმაში, რომ მსგავსი ტიპის ადამიანებს არასდროს არაფერი ეშველება.
რწმენა შინაგანი მდგომარეობაა და ვის რამხელა ჯვარი უკეთია, ან რამდენ სანთელს აანთებს ტაძარში, ამით არასდროს განისაზღვრებოდა. მთავარი, ცხოვრების წესია, რამდენად კეთილი, სუფთაა თქვენი საქმეები და რამდენად ესათნოება ღმერთს ჩვენი ყოველდღიურობა".
სააკაშვილის განცხადებაზე - „600-მდე ეკლესია ავაშენეო", მამა პეტრემ აღნიშნა:
„თავის დროზე, როსტომ ხანი, იგივე ხოსრო მირზა, ბევრ ეკლესია-მონასტერს აშენებდა, გზები გაიყვანა, ხიდები, ტაძრების რესტავრირება მოახდინა, მაგრამ იგი ისლამის მიმდევარი იყო, არა - მართლმადიდებელი და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეკლესია-მონასტერი ააშენა, ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ევდემოზ კათალიკოსი გაეგუდა და ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან გადმოეგდო. ამიტომ, იმ ეკლესიასაც რისთვის ვაშენებთ, ეს არის მთავარი. რისთვის მჭირდება ამდენი ფიზიკური ეკლესია თუ სულიერი ეკლესია დავინგრიე? ამიტომ, სულიერი ეკლესიის ნგრევის ხარჯზე, ფიზიკური ეკლესიის მშენებლობა ღვთისთვის სათნო ნამდვილად არ იქნება. ძალიან მალე, ექსპრეზიდენტი აუცილებლად იტყვის, რომ სამება მისი აშენებულია. ალბათ, ამას გულისხმობდა".