ზვიად ავალიანი:  რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალი პერსპექტივები (ვიდეო)

ზვიად ავალიანი: რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალი პერსპექტივები (ვიდეო)

„დღეს, როცა დასავლეთი განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს რუსეთთან ურთერთობების პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით ნორმალიზებას და ამ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს საქართველოსაც, ეს ქმნის უნიკალურ შანსს ჩვენთვის, ბოლოს და ბოლოს დავიწყოთ ის პროცესი, რამაც საბოლოო ჯამში კონფლიქტების პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს" - ამბობს პოლიტოლოგი ზვიად ავალიანი ინტერნეტტელევიზია POSTV- ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში, რომელშიც რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალი პერსპექტივებზე საუბრობს.

მისი თქმით, გამოვიყენებთ თუ არა ამ შანსს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გავთავისუფლდებით ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური გავლენისგან და გავბედავთ რეალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.

მისივე თქმით, ფაქტობრივად მთელი მსოფლიო მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკურ დონეზე  კომუნიკაციას  და იმედოვნებს, რომ სწორედ კონტაქტით და კომუნიკაციით შეიძლება დაძაბულობის განმუხტვა და სამომავლოდ, კონფლიქტის მოგვარებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

პოლიტოლოგი  ისტორიულს უწოდებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისა  და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის ინიციატივითა და შუამდგომლობით გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის პლატფორმაზე შედგა. გამომდინარე აქედან, მისი თქმით,  ბუნებრივია რომ მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა  შეხვედრას და დღეს უკვე გვაქვს ოფიციალური გამოხმაურებები ეუთოდან, გაეროდან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან საქართველოში და ა.შ.

„დასავლეთი ანუ ევროპა და ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არათუ მიესალმებიან ასეთი სახის კომუნიკაციას, არამედ თავად გამოდიან შეხვედრის ინიციატივით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შვეიცარიის სახელმწიფომ გააკეთა. პრინციპში ეს არც არის გასაკვირი - არ არის გასაკვირი ჯერ ერთი იმიტომ რომ ყველაზე პასუხისმგებლიანი დასავლელი მეგობრები ჩვენ აქამდეც ხშირად მოგვიწოდებდნენ კომუნიკაციისკენ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ეს კომუნიკაცია ბუნებრივად ეწერება დასავლეთის დღევანდელ სტრატეგიაში რუსეთის მიმართ, რაც სწორედ კომუნიკაციას და პრობლემების პოლიტიკური გზებით მოგვარებას გულისხმობს" - ამბობს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, სწორედ ამ სტრატეგიის მანიშნებელი და დამადასტურებელია ბოლო პერიოდში კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის გააქტიურებაც, რაც ასევე დასავლეთის და მათ შორის, პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„ასეთია რეალური სიტუაცია და ამ სიტუაციაში გასარკვევი რჩება ერთადერთი საკითხი - თუ დასავლეთი, რუსეთი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და თვით მთელი მსოფლიოც გაეროს სახით მიესალმება დიალოგსა და კომუნიკაციას, მაშინ ვინ არიან და ვის წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს „პროდასავლურ ოპოზიციას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთთან კომუნიკაცია არის დასავლეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და პრორუსული პოლიტიკა? ცხადია, ეს კითხვა ეხება უპირველეს ყოვლისა ნაციონალურ მოძრაობას და მისგან გამოყოფილ პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ ჯგუფებს

სინამდვილეში, ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრამ და რეაქციებმა რაც ამ შეხვედრას მოყვა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს წარმოადგენდა დასავლეთის პოზიციას და შესაბამისად არასდროს ყოფილა პროდასავლური ძალა, როგორც ასეთი. ნაციონალური მოძრაობა რეალურად ყოველთვის წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს დასავლეთის პოლიტიკურ ელიტაში არსებული ერთ-ერთი და არა მთავარი  მიმდინარეობის, კერძოდ, როგორც თავად დასავლეთში ამბობენ, ხისტი პოლიტიკის მომხრე ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც მაგალითად, აშშ-ში გაერთიანებული იყვნენ აწ განსვენებული სენატორის, ჯონ მაკკეინის ირგვლივ, რომელსაც როგორც ცნობილია ძალიან დაძაბული ურთიერთობა ქონდა მოქმედ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და ამით უკვე ფაქტობრივად ყველაფერია ნათქვამი.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია კიდევ უფრო შორსაც წავიდეთ და დავასკვნათ რომ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ გამოხატავს დასავლეთის აზრს, არამედ პრინციპში ამ პარტიის ტრადიციული მოკავშირეები და ლობისტებიც, მაგალითად თუნდაც ბატონი მეთიუ ბრაიზა, ასევე არ გამოხატავენ დასავლეთის და განსაკუთრებით, დღევანდელი დასავლეთის პოზიციებს და მათი აზრი დასავლეთში უმცირესობის აზრია და არა უმრავლესობის.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ რომ ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი რეალურად არის ძალიან მცირე, ფაქტობრივად მარგინალური ჯგუფის დღის წესრიგი და შესაბამისად ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლობისტების კომპლექსებიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის რადგან საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად მთელი 7 წლის მანძილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მიმართ თავის მართლების რეჟმში, რის გამოც ქვეყანამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა " - ამბობს ზვიად ავალიანი.