სად გაქრნენ შუაშისტები - ბაჩო ოდიშარია- POSTV- ანალიტიკა (ვიდეო)

სად გაქრნენ შუაშისტები - ბაჩო ოდიშარია- POSTV- ანალიტიკა (ვიდეო)

დღეს საჯარო სივრცეში შუაშისტები საერთოდ აღარ ილანდებიან. როდესაც არჩევნებზე საქმე მეორე ტურამდე მიდის და ერთ მხარეს ოცნება, ხოლო მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობა დგას, ყოფილი შუაშისტები მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ მთავარია ეს რუსეთის ხელდასმული მთავრობა მოვიშოროთ და ნებისმიერი მათთან დაპირისპირებული ჯგუფი მისაღებია" - ამბობს ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია.

მისი თქმით, მოცემულობა არ შეცვლილა, პოლიტიკური სპექტრი კვლავ მკვეთრად პოლარიზებულია და ძირითადად ორ მთავარ მოთამაშეზე - „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობაზე" ტყდება.

როგორც ბაჩო ოდიშარია აღნიშნავს, თუ 2012-ში შუაშისტები თვლიდნენ, რომ არცერთის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, დღეს პირიქით, მკაცრი რიტორიკით აცხადებენ, რომ მთავარია ოცნება წავიდეს და ნაცნობი და ნაცადი მანკიერება თუ მობრუნდა, ეს ნაკლებ პრობლემურიაო.

„ჩვენი შუაშისტები, გულის სიღმეში ყოველთვის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ირიბი თუ პირდაპირი მხარდამჭერები, უბრალოდ 2012-ში ამის ღიად დაფიქსირება სერიოზული ჯიჰადისტობა იყო და ვინც პირდაპირ არ გახლდათ აფილირებული პარტიასთან, ის ცდილობდა მისგან დისტანცირებას. მაშინ ეს ცალსახა და ღია კოლაბორაციონიზმი იყო საზოგადოების მტრებთან, დღეს ეს იფუთება, როგორც ძალაუფლებასთან ბრძოლა. საჯარო სივრცეში რთულად თუ მონახავთ ლიბერალს, რომელიც იმას არ მეცადინეობს, როგორმე გააკეთილშობილოს წინა მთავრობა.

რიტორიკა ძირითადად ასეთია: კი, რაღაცეები ცუდი იყო, მაგრამ დღეს რუსული მთავრობა გვყავს, ამიტომ ის ცუდი უნდა დავივიწყოთ. რუსეთუმეობის ბრალდებების წაყენება ლიბერალებს როგორ უყვართ, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა მათ ნაწილს არ უყვარს იმის აღიარება, რომ მიშისტები არიან. ამიტომ, მგონი უკვე საზოგადოებრივი მოვალეობა ხდება, რომ მათ ამ პოლიტიკურ ქამინგ აუთში დავეხმაროთ, ჩვენ წინაშე თვალთმაქცობენ ლიბერალური კვაზი ჰუმანისტური სლოგანებით მოასპარეზე ჯგუფები და ინდივიდები, რომლებიც 2012-შიც ძალადობრივი რეჟიმის ლატენტური მომხმრეები იყვნენ და რომლებიც დღესაც უტიფრად ცდილობენ მათ აღორძინებას.

ჩვენი რეალობა კი ასეთია: შეიძლება განაწყენებული იყო ოცნებაზე, არ მოგწონდეს მისი წარმოებული პოლიტიკა, მაგრამ ამის საპირწონედ ამართლებდე და რომანტიზებას ახდენდე ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული მმართველობის, უკვე შენი საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშულია" - ამბობს ბაჩო ოდიშარია.