“ქალბატონო პრეზიდენტო, გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? – შვილი მეორედ მოუკალით?”

“ქალბატონო პრეზიდენტო, გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? – შვილი მეორედ მოუკალით?”

16 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილების გამო მწვავედ აკრიტიკებენ:

“ქალბატონო პრეზიდენტო, სახელოვან პროფესორს და უბრალოდ, ძალიან კარგ კაცს გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? კაცს, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მხურვალედ გიჭერდათ მხარს და ტელეეთერებში კბილებით გიცავდათ, შვილის მკვლელი ციხიდან გაუთავისუფლეთ? მხარდაჭერისათვის სამაგიერო იმით გადაუხადეთ, რომ შვილი მეორედ მოუკალით?”, – წერს ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში.

ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, 2016 წლის 22 დე­კემ­ბერს,თბილისის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­და­წყვე­ტი­ლება პროკურატურამ სააპალაციოში გაასაჩივრა, თუმცა, ბეჟა­ნი­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც უდანაშაულოდ ცნო.

ამის შემდეგ დაზარალებულმა მხარემ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.