ზურაბიშვილი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ

ზურაბიშვილი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ

ხიდაშელი ამბობს, რომ იმ აქტში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება არ შეიძლება. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ასე გააგრძელებს შესაძლოა ისტორიაში შევიდეს როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.

„რა თქმა უნდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის თაობაზე გამართლებულად არ მიმაჩნია. უფრო სწორად პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში არ არის იმდენად პრობლემა, რამდენად სხვა რამეში.

ეს არის პრეზიდენტის აქტით გამოცემული გადაწყვეტილება და შესაბამისად კანონის ფარგლებში უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ გადაწყვეტილებას პრობლემა აქვს კანონთან, ვინაიდან როგორც მე ვიცი არ არის გაუქმებული შეწყალების შესახებ მოქმედი ის აქტი, რომელიც მანამდე მოქმედებდა. ყოველ შემთხვევაში სპეციალურად ვეძებე, რადგან მაინტერესებდა ხომ არ გააუქმა ის ზურაბიშვილმა, მაგრამ მისი გაუქმების აქტი ინტერნეტ-სივრცეში არ იძებნება. თუ ის გაუქმებული არ არის, გამოდის, რომ მას აქვს კანონთან პრობლემა. იმიტომ, რომ იქ ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება არ შეიძლება.

მაგრამ, ეს არ არის ამ გადაწყვეტილების მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის არის, რაც მუდმივად არის ამ ადამიანთან დაკავშირებით, ეს მდგომარეობს იმაში რომ მინიმალური ან ელემენტარული მოთხოვნილება არ აქვს და ვალდებულების განცდა არ აქვს, რომ უნდა აუხსნას საზოგადოებას გადაწყვეტილებები, რომელსაც ის იღებს. როდესაც ისმება ძალიან ლეგიტიმური კითხვები, ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. ყველაზე დიდი პრობლემა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ამ ერთი წლის განმავლობაში ხასიათდება ამ ზემოდან ყურების დამოკიდებულებით, როდესაც საერთოდ არაფერზე არ გრძნობს განმარტებების გაკეთების საჭიროებას", - ამბობს ხიდაშელი.

კითხვაზე, მის პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე? - პასუხობს:

„იცით რა არის? თუ ასე გააგრძელებს ზურაბიშვილი... ადრე ვთქვი, რომ მომავალ არჩევნებში დავუჭერ მხარს, რომელიც იტყვის, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებულ საკითხებს აღმოფხვრის, ანუ ვინც ნულიდან დაიწყებს სასამართლო რეფორმას-მეთქი. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც უკვე მიყალიბდება აზრი იმაზე, რომ მისი ამგვარი დამოკიდებულება ამომრჩევლის, კანონით დადგენილი ვალდებულებების, საკუთარი პასუხისმგებლობის და ანაგარიშვალდებულების ელემენტარული ცნების მიმართ თუ გაგრძელდა, ის შეიძლება შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ", - გვითხრა თინა ხიდაშელმა.

„შეწყალების შესახებ თუ პრეზიდენტის ძველი აქტი გაუქმებული არ არის, გამოდის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრობლემა აქვს კანონთან", - ასე ეხმაურება „აიპრესთან" საუბრისას პრეზიდენტის მორიგ ხმაურიან შეწყალებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.