ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს

ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს

„აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს ოთარ კახიძეს ბიუროს სხდომაზე, სადაც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე კამათობენ.

არჩილ თალაკვაძე აქვე დასძენს, რომ „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, „ევროპულ საქართველოს“ დეოკუპაციის მიმართ პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას არ მისცემს.

„შეგახსენებთ, რომ დღეს, ქვეყანაში მართვაზე, ხელისუფლების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, პოლიტიკებს სხვადასხვა სფეროში აყალიბებს მმართველი გუნდი და ხელისუფლება. თქვენს დახმარებას მივესალმებოდით, თუ მართლა დაგვეხმარებით, მაგრამ ისე ვერ მოხდება, რომ საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის მიმართ ჩვენი პოლიტიკა და ა.შ. თქვენ განსაზღვროთ და ჩვენ დაგეთანხმოთ. ეს მოხდება მერე, თუ თქვენ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და შედეგს აჩვენებთ. თქვენი საგარეო პოლიტიკა ნანახი გვაქვს, ეს სერია საქართველოს ნანახი აქვს. ნახეთ, რა მოგვიტანა მაშინ იმ დეოკუპაციის პოლიტიკამ. შედეგი იყო ის, რომ ოკუპაცია გაღრმავდა ისე, რომ 200-ზე მეტი სოფელი დავკარგეთ, შედეგი იყო ის, რომ როცა ომის დროს ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს მთავრობის ნაწილი გაქცეული დახვდა, სამხედრო ტექნიკა დატოვა ხელისუფლებამ სხვადასხვა ხეობებში, მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ მიაღწია 20 პროცენტს. იმის მაგივრად, რომ თქვენ დაიჭიროთ საერთო, ეროვნული პოზიცია და ხელისუფლებას დაუჭიროთ მხარი ამ ყველაფრის შეკავებაში, გამოდიხართ და ხელისუფლებას ეუბნებით, რომ ის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს აკეთებს, უფრო აგრესიულ ნაბიჯებს არ დგამს და ა.შ. აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება. ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. თუ გჯერათ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ეგრე აღდგება, შეიტანეთ თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს და შეხვდით საზოგადოებას, მიიღეთ მანდატი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროინტეგრაციის კომიტეტმა დღეს „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა.