სოფიო ქაცარავა გიგა ბოკერიას:  კარგი შოუ დადგით, მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ

სოფიო ქაცარავა გიგა ბოკერიას: კარგი შოუ დადგით, მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ

ძალიან საინტერესო და კარგი შოუ დადგით. ვფიქრობ, მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ. ეს გაცილებით უკეთ გამოგდით, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა, - ამ სიტყვებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ „ევროპული საქართველოს" წევრს გიგა ბოკერიას მიმართა.

დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ, სადაც „ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობდა.

ქაცარავამ ბოკერიას ხმადაბლა საუბრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისტერია არ არის საჭირო, როდესაც საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპაციას შეეხება. ამასთან, როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, სანამ „ევროპულ საქართველოს" იტყოდა, მცირე პაუზა და დაფიქრება დასჭირდა, რომ არ შეშლოდა და ამის ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობა" არ ეთქვა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას კითხვით მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა თუ არა და შეეხებოდა თუ არა ეს ნატო-ში ინტეგრაციასაც. თავის მხრივ, სოფიო ქაცარავამ ბოკერიას მიმართა, „ნუ იჩემებს ნატო-ში ინტეგრაციას".

„თქვენი კომპლიმენტები მივიღე ჩემს არტისტულ თვისებებზე და ამ თვისებებს ვავლენ, მაგრამ ამ კითხვას ვერ გაექცევით. უჭერთ თუ არა მხარს, რომ რუსეთს დააკისროს ევროკავშირმა და შტატებმა სანქციები, როცა ისინი ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. ხომ მარტივი კითხვაა? მე ვუჭერ. თქვენ?" - მიმართა ბოკერიამ ქაცარავას. სოფიო ქაცარავას განცხადებით კი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ანტისაოკუპაციო მიმართულებით და ამაზე ოპოზიციის კარნახი არ სჭირდება.