"კვირიკაშვილმა უნდა ილაპარაკოს, პრემიერი იყო და არა კოტორაანთკარის გამგებელი"

„ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია "თი ბი სი ბანკის" დამფიუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილმა აშშ-სთან კავშირების დამყარების გამო გაათავისუფლეს.

ნიკა მელია ამბობს, რომ განცხადება ზეწოლაზე თავად ყოფილმე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა უნდა გააკეთოს.

"ჩვენს მთავარ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა დასჯადი ხდება. აი ასეთი სახელმწიფო შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ეს პერმანენტული ხდება. გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი არის საგანგაშო, იმდენად რამდენადაც, ეს განსაზღვრავს მთლიანად ქვეყნის საგარეო კურსს.

ჩემი აზრით, ბატონი კვირიკაშვილი, არანაირი ადამიანური მიზეზით არ თავისუფლდება იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა, ჩუმად იყოს. მან უნდა ისაუბროს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არა სოფელ კოტორაანთკარის გამგებელი".