გია ვოლსკი : „ევროპული საქართველოს

გია ვოლსკი : „ევროპული საქართველოს" დადგენილების მიღება რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს გამოიწვევს

 

„ევროპული საქართველოს" დადგენილების მიღება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარტია "ევროპული საქართველოს" დადგენილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დააზარალებს ღვინის, ხილისა და ციტრუსის მწარმოებლებს.

„პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ დადგენილებას წარმოადგენს, თავად არის იმ უბედურების შემოქმედი, რაც თავს დაგვატყდა ოკუპაციის სახით. ნებისმიერი ქვეყანა, ვინც აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ექვემდებარება ეკონომიკურ სანქციებს აშშ-ის მხრიდან. ამ მიმართულებით დამატებითი მოძრაობები ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები გამოიწვიო, რომელიც რეალურია და ყველამ კარგად ვიცით, რაშიც არის საქმე. მათი მიზანი გამომდინარეობს არა კეთილშობილური აზრიდან, რაზეც მართლაც ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, არამედ იმ საკითხებზე ხაზგასმის ინტერესიდან, რაც გამოიწვევს საპასუხო ქმედებებს, რეალურ სანქციებს. ეს თავზე უბედურებად დაატყდება თუნდაც ღვინის, ხილის თუ ციტრუსის მწარმოებლებს. კარგად იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბაზრების დივერსიფიკაცია მართლაც უპრეცედენტოა: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასა და ჩინეთთან და ჩვენი საექსპორტო ბაზრის გაფართოება. თუმცა რეალურია, რომ არსებობს რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვისთანაც ჩვენ ვვაჭრობთ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის ინიციატივას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

ვოლსკის განცხადებით, 7 წელია „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული.

„საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია, მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია, იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ამ არჩევანის ერთგული საქართველოს ხელისუფლება იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული, პასუხისმგებელიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. 7 წელია „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული. ერთ დროს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისათვის და ხალხისათვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ უკვე მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისადმი პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისადმი არის გამიზნული . შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს, რადგან ესმით, ე.ი. სწორედ ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ევროვნული ინეტერესების დაცვა. სწორედ, რომ ჩევნი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ, შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;
  3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

Katana . რომელი თავისი გადაწყვეტილება შეცვალა რუსეთმა დასავლეთის სანქციების შიშით? - არც ერთი!.. იმიტომ კი არა, რომ ჰკიდია ეს სანქციები! არ ჰკიდია და ძალიანაც არ აწყობს, მაგრამ არავითარ შანტაჟს რომ არ დაემორჩილება გარედან, ამაში უკვე ყველა დარწმუნდა, ჩვენი ე.წ. "მედასავლეთეების" გარდა!
არც ესენი გვყვანან ძალიან მიამიტები, მაგრამ ამათ საკუთარი გათვლები აქვთ: დასავლეთს კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცონ ერთგულება და მეორე - რუსეთი რომ საპასუხო სანქციებით კიდევ უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებს ჩვენს ეკონომიკას, მერე ხალხის ქომაგის პოზაში დადგებიან: - ხომ ხედავთ, რა დღეში ჩაგაგდოთ ამ ხელისუფლებამ და აგვირჩიეთ ჩვენ, რომ გეშველოთო!
ჰგონიათ, ვერავინ ხედავს, რომ ნაცების ორივე შტო მოქმედებს ერთი პრიმიტიული პრინციპით - чем хуже, тем лучше!
4 წლის უკან