„შესაძლებელია ეს პიროვნული დაპირისპირება იყოს“, - ჩიტაძე თაკო ჩარკვიანისა და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებაზე

„შესაძლებელია ეს პიროვნული დაპირისპირება იყოს“, - ჩიტაძე თაკო ჩარკვიანისა და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებაზე

„ჩემი აზრით, თაკო ჩარკვიანი უფრო თანამშრომლობს ახლა „გაერთიანებულ ოპოზიციასთან", „ნაციონალურ მოძრაობასთან" და შესაძლებელია ეს იყოს პიროვნული ხასიათის დაპირისპირება. ისინი პროდასავლური შეხედულების მქონე პოლიტიკოსები არიან. აქედან გამომდინარე, იდეოლოგიურად, პრინციპში, ერთმანეთთან ახლოს არიან", -ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „ევროპული საქართველოსა" და პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის დაპირისპირებას.

დაპირისპირების მიზეზი კი „ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც საჯაროდ პირობის დადებას გულისხმობდა იმასთან დაკავშირებით, რომ პროდასავლური პარტიები ივანიშვილის გუნდთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციაში არ შევლენ, ხოლო თაკო ჩარკვიანმა კი პირიქით, „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში შესვლაზე ეჭვი თავად „ევროპულ საქართველოზე" შეიტანა და თქვა, რომ ამ პირობას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, აღნიშნული პირობის ასრულების შემოწმებაც შეუძლებელია.

„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაც უთანხმოებები „ევროპულ საქართველოსა" და „გაერთიანებულ ოპოზიციას" შორის. თაკო ჩარკვიანიც გარკვეულწილად „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთ წარმომადგენელად შეიძლება განვიხილოთ და არის უთანხმოების რაღაც გარკვეული საკითხები. პროდასავლური იდეოლოგიური თვალსაზრისით მათ შორის რა თქმა უნდა მსგავსება არსებობს.

„მე დასავლური ორიენტაციის პარტიებს მხარს ვუჭერ და აქედან გამომდინარე, სხვა კომენტარებისგან თავს შევიკავებ", -განაცხადა ჩიტაძემ.