„მოქალაქეებს გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა სჭირდებათ“

„მოქალაქეებს გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა სჭირდებათ“

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს.

პრემიერმინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი.

გიორგი გახარია სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს, რომ უწყებებში არსებული დინამიკის შესახებ კონკრეტული ცნობები მიიღოს.

„ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და კიდევ ბევრი რამ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა აშენდეს და ხალხმა ეს უნდა იგრძნოს. არ შეიძლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ. ეს არასწორი იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პრემიერს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ. მათ შორისაა ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შეტანილი ცვლილებები, რაც სკოლას მეტ ავტონომიას და საგაკვეთილო ბადის საკუთარ რეალობაზე მორგების საშუალებას აძლევს.