საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს იწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს იწყება

დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. საორგანიზაციო კომისია პირველ შეხვედრას თელავში გამართავს. სულ 11 საჯარო შეხვედრა იგეგმება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

თელავის შემდეგ სახალხო განხილვა რუსთავში გაიმართება, შემდეგ ახალციხეში, გორში, მცხეთაში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში და 30 სექტემბერს თბილისში დასრულდება. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ. საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ინიცირებულია ორი პროექტი. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებული პროექტი კი ითვალისწინებს, პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 13 წევრისგან შედგება.

ესენი არიან - არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.