ახალი პრემიერი და მედია – რა სთხოვა გიორგი გახარიამ მინისტრებს?!

ახალი პრემიერი და მედია – რა სთხოვა გიორგი გახარიამ მინისტრებს?!

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს სთხოვა, რომ მედიას სხდომების დასრულების შემდეგ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც მთავრობის სხდომაზე არ განხილულა, ინფორმაცია მიაწოდოს.  – ამის შესახებ მთავრობის ახალმა მეთაურმა განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ, არამხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც მთავრობის სხდომაზე წარმოადგენენ, არამედ საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზეც, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის ძირითადი პრინციპები იქნება, „საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა“.

„დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა და ამიტომ ჩვენ შევხვდით პარასკევს, თუმცა, მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე. ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვისაც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს ღიაობა და რა თმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე“,– განაცხადა გიორგი გახარიამ.