მაკა დარსაველიძე:  ღია წერილი აწ უკვე, პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეს და მასთან გათანაბრებულ პირებს!

მაკა დარსაველიძე:  ღია წერილი აწ უკვე, პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეს და მასთან გათანაბრებულ პირებს!

მაკა დარსაველიძე:  ღია წერილი აწ უკვე, პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეს და მასთან გათანაბრებულ პირებს! 

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ დოღში, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია, თქვენს შემჩნევას არ ვაპირებდი, პირადად ჩემთვის ყველაზე ღირებული სიტყვა - ღირსება რომ არ დაგცდენოდათ, რასაც მთელი შეგნებული ცხოვრება დავფუთფუთებ და ვცდილობ, გაბითურებისგან ვიხსნა, რათა მავანთა მიერ ისევე არ გაცვდეს, როგორც "გმირი", "სამშობლო" და სხვა მრავალი. ამ წერილის დაწერაც სწორედ ამ დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა.

ალბათ, იკითხავთ, მე რა შუაში ვარო?! მე კი, გიპასუხებთ - თქვენ მართლა რა შუაში ხართ?! რა თქმა უნდა, თქვენს პირად ღირსებას არ შევეხები, რადგან მიმაჩნია, რომ ეს თემა ხელშეუხებელია და მისი შელახვა ღირსებას არავის მატებს, მაგრამ თქვენ თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი მხრიდან ამ საზოგადოების წინაშე დგომა და ღირსებაზე პედალირება მინიმუმ, უხერხულია? იმ საზოგადოებასთან, რომელსაც წლების განმავლობაში ულახავდნენ ღირსებას, პატივს ჰყრიდნენ (სხვათა შორის, თქვენთან ერთად) და მიუხედავად იმისა, რომ ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, გამარჯვების მოპოვების კონტურებიც კი არ ჩანდა, ღირსების შესანარჩუნებლად სრულიად შიშველი ხელებით იბრძოდა. ეს მაშინ იყო, როცა თქვენ და ბიზნესელიტის სრული უმრავლესობა კონფორმიზმის შესანარჩუნებლად რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულად დუმდით.

სწორედ ამ მიზეზით, თქვენთვის იოტისოდენა უხერხულობაც კი არასოდეს შეუქმნია დამუნჯებულ მედიას, ნოტარიუსის კანტორებად ქცეულ სასამართლოს, სახელმწიფოს სახელით ათასგზის დარეკეტებულ ბიზნესს, განსაკუთრებით, ბიზნესმენთა მიმართ ღირსებისა და პატივის შემლახავ მოპყრობას და ა.შ. რამდენი ერთი ჩამოვთვალო?!

სულ მიკვირდა, რა ძალა აიძულებდა ადამიანებს მდუმარე პოზაში ყოფნას მაშინ, როცა დანარჩენები, საზოგადოების წინააღმდეგ მომართულ ამხელა სახელმწიფო მანქანას სრულიად შიშველი ხელებით, სიცოცხლის ფასად ვეწინააღმდეგებოდით. ამაზე ბევრი მიფიქრია და მიანალიზებია ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზები, რას შეეძლო, ადამიანის ამ კონდიციამდე მიყვანა. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ძალადობასთან ალავერდს გადადიოდა, ბუნებრივია, არც არასოდეს გასჩენია პროტესტის გრძნობა, მაგრამ მეორე, არც თუ ისე მცირე ნაწილის იძულებითი დუმილის მთავარი მიზეზი შიში იყო და ადამიანები სწორედ ამიტომ დუმდნენ. იცით, რის ფასად?! ღირსებისა და პატივის შელახვის ფასად. ანუ, იმის ფასად, რაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია. ის, ვინც დღეს თავს იწონებს, რომ არ ეშინოდა, უბრალოდ, ცრუობს, რადგან შიში ბუნებრივი რეაქციაა ობიექტურად იდენტიფიცირებულ გარეგან საფრთხეზე. მით უფრო, მაშინ, როცა დუმილის დარღვევის ფასი შესაძლოა, ყველა ის სიკეთე იყოს, რაც გაგაჩნია და მეტიც, თვით სიცოცხლე, მაგრამ ამ ბუნებრივი მდგომარეობის დაძლევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ღირსება სიცოცხლეზე მეტი გიღირს.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ საზოგადოებასთან ამ ენით ლაპარაკი მინიმუმ, უხერხულობას რატომ არ გიქმნით?! ნუთუ, მართლა გჯერათ, რომ მათ შორის, ყველაზე გულუბრყვილო ადამიანი მაინც დაიჯერებს, რომ მართლა ის მიზნები გამოძრავებთ, რაზეც პრეზენტაციაზე ისაუბრეთ?!

იმ საყოველთაო სიკეთეებს, რასაც საზოგადოებას პირდებით, ღირსეული წარსულის მქონე, გაბედული ადამიანები ქმნიან და არა ისინი, ვინც პირადი ინტერესების შელახვით გახურებულ გულს, სხვისი სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლების სიოთი იგრილებს.
შექმნილი სურათის განსაკუთრებული გროტესკულობა იმაში მდგომარეობს, რომ იმ მზა სუფრაზე, რომელსაც მოხერხებულად მიუსხედით, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და სხვა ათასი სიკეთე ისევე ოხრადაა, როგორც ქართულ სუფრაზე - მადისაღმძვრელი პურმარილი, ხოლო თქვენ, თავს ისე გრძნობთ, როგორც მასპინძელი, საზოგადოებას კი, ვინც ეს სიკეთეები მოიტანა, ისევ მომსახურე პერსონალად მოიაზრებთ. დღევანდელი თქვენი პათეტიკით გაჯერებული გამოსვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა ამ სუფრის მომსახურე პერსონალისთვის წინსაფრის თარგის აღება.

ერთი რამით, ნამდვილად შემიძლია, დაგაიმედოთ. ქართულ პოლიტიკურ დოღში ჭენებას აუცილებლად მოახერხებთ. ისე, რომ უნაგირიც არ დაგჭირდებათ. არც დიდი ძალისხმევა. ნულპროცენტიანი ბარიერის და გახურებული კამპანიის პირობებში, თქვენი პარტიაც შეასრულებს ჯოჯოხეთის  მუგუზალის ფუნქციას, მაგრამ მანამდე კარგად იყავით, სანამ ლელო არ დადოთ. ლელო ჩვენი თამაშია, ქართული საზოგადოების გუნდური, ღირსეული თამაში, ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც თავისი ხასიათი აქვს, ისტორია და მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას მოიცავს.

დაგინდობთ და, დღევანდელ საკრალური სიმბოლდრამით გამოწვეულ ასოციაციებზე არ შევჩერდები, რომელიც გულსაკლავად გროტესკული იყო, მაგრამ თქვენი პრეისტორიის გათვალისწინებით, არ გამკვირვებია.

ქართული საზოგადოება დიდი ხანია, იაფფასიან დრამას უყურებს, მაგრამ მხოლოდ იძულებით. ამაში ფულს არ იძლევა და სხვა რამეს - მით უმეტეს. საამისოდ, საკმაოზე მეტი გამოიარა. პარაზიტების შემოტევას კი, ისევ თანდაყოლილი, ორგანული ბრძოლისუნარიანობით იგერიებს. ღირსება რომ აქვს მთავარ მდგენელად - იმით და გირჩევთ, წარმატების მისაღწევად დროის შესაბამისი ფორმულა გამოიყენოთ, ხოლო ისეთ ცნებებზე ნუ ფოკუსირდებით, რაც აშკარად არ არის თქვენი ძლიერი მხარე. იქნებ, მაშინ მაინც მიხვდეთ, რომ კონკრეტული, თეთრი ძაფით ნაკერი საქმიდან თავის დასაძვრენად პოლიტიკისთვის თავის შეფარება ძველებური წარმატებით აღარ მუშაობს, ხოლო თუ ამას მიხვდებით, იქნებ, ხელთუქმნელ წერილზე შეთხზული კომიკური ისტორიაც ლოგიკურად დაასრულოთ, თორემ უხერხულია, ძალიან უხერხული - წერს ანალიტიკოსი მაკა დარსაველიძე სოციალურ ქსელში

არაგველი641 ვერაფერს ვეღარ დაამატებ!
4 წლის უკან
amo ეკა ტუხიაშვილო, გაიგე რამე? მეტი არაა ჩემი მტერი.
4 წლის უკან
იმედა არცერთი სიტყვა არგუმენტისა და განსჯის გარეშე. ამას ქვია გარემოებებისა და სიტუაციის ადეკვატური აღქმა და გადმოცემა. ყოჩაღ!
4 წლის უკან