რატომ აკრიტიკებენ ხაზარაძეს ერთნაირად აქტიურად „ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ - საყვარელიძის განმარტება

რატომ აკრიტიკებენ ხაზარაძეს ერთნაირად აქტიურად „ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ - საყვარელიძის განმარტება

„კრიტიკა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური პარტიის შექმნის გამო მიიღო, შესაძლოა, მის სასარგებლოდ ამუშავდეს, რადგანაც ის ფაქტი, რომ მან არცერთ არსებულ პარტიასთან კოალიცია არ მოინდომა, პოლიტიკურად სწორად გათვლილი ნაბიჯი და აბსოლუტურად გამართლებულია", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

მან ხაზარაძის მიერ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმასა და თბილისის მერი ბოლო არჩევნებს შორის გაავლო პარალელი.

„გავიხსენოთ, ელისაშვილმა, თავის დროზე, როდესაც ის მერობის კანდიდატი იყო, სხვა პარტიებთან ურთიერთობაზე უარი თქვა და ალბათ მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო - მან კალაძის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოში პარტიებს ისეთი იმიჯი და რეიტინგი არ აქვს, რომ მათთან თანამშრომლობა პოლიტიკურად გამართლებული იყოს," - აცხადებს საყვარელიძე.

შეკითხვას, სწორედ იმიტომ ხომ არ დაიმსახურა მამუკა ხაზარაძემ ასეთი მწვავე კრიტიკა, რომ დომინანტი პარტიები მასში ძლიერ კონკურენტს ხედავენ, საყვარელიძემ ასე უპასუხა:

„შესაძლოა, ასეც იყოს. ამიტომ, შოთა რუსთაველს რომ დავესესხოთ, „ზოგჯერ, თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ვინმეს გაკრიტიკებამდე უნდა დაფიქრდე, ნიშნავს კი შენი კრიტიკა იმას, რომ მოსახლეობამ დაგიჯერებს?! პირიქით, შეიძლება ეს იმაზე მიუთითებდეს, რომ თავად ხარ სუსტი და ხალხმა მისი მხარე დაიჭიროს, ვინც შენი კრიტიკის ობიექტად იქცა. ამ შემთხვევაში, მგონი, კრიტიკა შეცდომაა".

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 სექტემბერს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" პრეზენტაცია გამართა.