მამუკა მდინარაძე:   ტყუილებზე აგებული პოლიტიკური პლატფორმა განწირულია

მამუკა მდინარაძე: ტყუილებზე აგებული პოლიტიკური პლატფორმა განწირულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე უფრო მარტივად დაიმკვიდრებდა პოლიტიკურ ველზე საკუთარ ადგილს, თუ ის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებდა.

“ანაკლიასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებები, შემდეგ მიმართვა მთავრობისადმი და გადადებები, იძულებითი სვლები, და ამ ვალდებულების შესრულება უფრო მართალს გახდიდა ამ ადამიანს. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე იგივე ადგილიდან მოძრაობის დაანონსება რამდენად სერიოზულად აღიქმება საზოგადოების მიერ, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შექმნას მივესალმები, კონკურენცია აბსოლუტურად თანაბარია ამ ქვეყანაში, თუმცა თუკი პოლიტიკური ამბიციები უჩნდება ადამიანს ან პირთა ჯგუფს, ჯობია ის ვალდებულებები ჰქონდეს შესრულებული, რაც მან თავის თავზე აიღო. ანაკლიის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაშია შესული, როგორც პრიორიტეტი. რამხელა მნიშვნელობა მივანიჭეთ ჩვენ მას და რამდენად უნდა სახელმწიფოს მისი განხორციელება. მის შემსრულებლებზე თავის დროზე არც სისხლის სამართლის საქმე არსებობდა, არც პროკურატურა არაფერს არ ამბობდა, მაშინ არ ასრულებდნენ ვაკდებულებებს და დღეს ანაკლიიდან რაღაც პრეზენტაციების გაკეთება ამ ფონზე, რამდენად მომგებიანია, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად ძლიერი ოპოზიციური ძალა შეიძლება იყოს, მამუკა მდინარაძე პასუხობს:

“ნაციონალური მოძრაობა რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, ამას შეიძლება ყველაფერი ჯობდეს, რადგან ტყუილებზე აგებული პოლიტიკური პლატფორმა ალბათ განწირულია, მაგრამ გვიანდება ეს და ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ამაზე ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ მე ვერ შევაფასებ რა იქნება იმ ადამიანების პოლიტიკური მომავალი, რომლებმაც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არ შეასრულეს თავისი ნაკისრი ვალდებულებები“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი გუნდის პრეზენტაცია მოაწყო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მან შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც “ლელო” დაარქვა.