თქვენ არ გინდათ ომი, სააკაშვილები და ბოკერიები ცდილობენ სხვადასხვა ავანტიურაში ჩაგვითრიონ

თქვენ არ გინდათ ომი, სააკაშვილები და ბოკერიები ცდილობენ სხვადასხვა ავანტიურაში ჩაგვითრიონ

„თქვენ არ გინდათ ომი, სააკაშვილები და ბოკერიები ცდილობენ სხვადასხვა ავანტიურაში ჩაგვითრიონ, რომ კიდევ ახალი ტეროტორიები დავკარგოთ“, - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქციის სხდომაზე. დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება სააკაშვილი-ბოკერიების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები.

"ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ჩვენი ქვეყანა არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთთან ომის პირას. ამისთვის იღწვიან სააკაშვილები და ბოკერიები. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, ომი თქვენ არ გინდათ, საღად მოაზროვნე საზოგადოებას მშვიდობა გვინდა, სააკაშვილები და ბოკერიები ცდილობენ სხვადასხვა ტიპის ავანტიურაში ჩაგვითრიონ, რომ კიდევ ახალი ტერიტორიები დავკარგოთ. და რას აკეთებთ თქვენ? თქვენ მოქცეულები ხართ სააკაშვილი-ბოკერიების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ - ამერიკა რას იტყვის, ევროკავშირის ელჩი რას იტყვის...

ქართველი ხალხი რას იტყვის, ამაზე უნდა იფიქროთ თქვენ და როგორ უნდა დავამშვიდოთ ქვეყანაში სიტუაცია, რომ მუდმივად არ ვიყოთ რუსეთთან ახალ-ახალი ომების საფრთხეების წინაშე. თქვენ ვერ უზრუნველყავით, რომ ქვეყანაში არ იყოს რყევები და იყოს მშვიდობა. ყველაფრის გეშინიათ, პატარა ბავშვებივით ხართ, რაღაც ფობიები დაგემართათ, ის რას იტყვის, ეს რას იტყვის.

ქართველი ხალხი რას იტყვის, ეს არის მთავარი. თქვენ კი ლაპარაკობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ გინდათ, აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტეროტირული მთლიანობა, მაგრამ თქვენი ქმედებებიდან არ ჩანს, რომ რეალურად გაინტერესებთ სოხუმი და ცხინვალი, რომ რეალურად გინდათ პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან. თქვენ არ ებრძვით აჭარაში თურქულ ექსპანსიას, დავით გარეჯისთვის იღწვით თქვენ?

სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე უნდა მობრძანდეს პარლამენტში და გააკეთოთ დეტალური მოხსენება, რა ხდება დავით გარეჯში, როგორ მუშაობს კომისია, რა შედეგებია და საერთოდ, რა ხდება. თუ საჭიროა დავხუროთ სხდომა და ისე ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვდებიან.