"პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის დახმარების გარეშე, არ გამოვა

"პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა", - ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ადა მარშანიამ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ჟენევის და კარასინი-აბაშიძის ფორმატი საკმარისი არ არის, საჭიროა დიალოგი მოსკოვთან.

„კარგია ჟენევის და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ხაზგასმით ამ ფორმატებს, მათ თავისი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც პატარა პოზიტიურ წინსვლას, იმიტომ რომ დიდი ხანია, ქვეყანა უნდა მოემზადოს სერიოზული და ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის ამ საკითხში.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად, რომ მოსკოვთან, ზუსტად, რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა.

ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან“, - განაცხადა ადა მარშანიამ.