"ასეთი გადაჯგუფებები მთავრობაში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ცხადია, არის არჩევნების მომზადებისთვის გაკეთებული ცვლილება, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ახალმა მთავრობამ, არ ვიცით; არსად არ გაცხადებულა, რა ამოცანები დგას მათ წინაშე," - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალისტიკოსი დემურ გიორხელიძე მთავრობის ცვლილებებს.
"ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ სწორად იყო ჩამოყალიბებული, თუ რა იყო მთავარი ქვეყნისთვის, მაგრამ საქმე წინ არ წაწეულა. მე არ ვიცი ამ მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, რა ამოცანა დგას მათ წინაშე, არსად არ გაცხადებულა; ცხადია გადაჯგუფებები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არის არჩევნების მზადებისთვის გაკეთებული ცვლილება, მაგრამ ანბანური ჭეშმარიტებაა ისიც, რომ არცერთ სახელმწიფოში და არცერთ მთავრობაში არჩევნების ბოლო წელს რეფორმებს არ აკეთებენ, რომელიც ქვეყანას სჭირდება, რადგან ძალიან მტკივნეულია. რეფორმები კეთდება დასაწყისში, შემდეგ უფრო სოციალურ აქტივობებს აკეთებენ, რათა ხელი შეაშველონ რეფორმებს, რომელიც სწრაფ შედეგს არ იძლევა. ამ მთავრობის შემთხვევაში სერიოზული რეფორმები ვერ განხორციელდება, მაგრამ ხელისუფლებამ ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ შეარბილოს ნეგატიური განწყობები, რომელიც მცირე შედეგის გამო საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალი მთავრობა "ნაციონალურ მოძრაობას" შეუტევს. ხელისუფლება ვალდებულია თუ ვინმე დამნაშავეა, საქმე სასამართლომდე მიიყვანოს და ბოლოს და ბოლოს დადგინდეს, ვინ არის დამნაშავე და რა დოზით. რაკი წინა ხელისუფლებამ ეს 7 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა, ახლა მორევაზე საუბარი პოლიტიკური უაზრობაა, და ვერც ვერაფერს გააკეთებენ, თუ საპირისპირო მხარე რაიმე კატასტროფულ შეცდომას არ დაუშვებს. მე არ მინდა დაპირისპირება და მინდა კონსტიტუციური პროცესი, რადგან 30 წელია ქვეყანაში ბოლშევიკური აღმაფრენით ერთი მხარე მეორეს უტევს. არც სახელმწიფო გადატრიალება დაგვკლებია, არც "ფერადი რევოლუციები" და ა.შ. ახლა საჭიროა შედეგი. ხარ ხელისუფებაში - დადე შედეგი. ვერ დადებ შედეგს - წადი სახლში. ამოვიდა ყელში ასეთი ხელისუფლებები, რომლებიც ბელადის მატარებელს მოყვებიან და საქმის კეთების ნაცვლად საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ. ოპოზიციაც სუსტ პოზიციაზე დგას, რადგან აქცენტს პიროვნებებზე აკეთებს და არ იცის სად არის ხელისუფლების სისუსტე. რას იზამს გახარია, საკონცენტრაციო ბანაკს მოაწყობს თუ ხალხს დახოცავს? სხვაგან არის აქცენტი გადასატანი. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს, რაც დღეს არის?! ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო ბიზნესი, ორგანიზაციები და მოქალქეები, ათიათასობით ადამიანი ფაქტიურად კრახის წინაშე დგას, რადგან აღებულ ვალს ორმაგად იხდიან," - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.