„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის მხრიდან თბილისის მერის კახა კალაძის მისამართით გაკათებულ სარკასტულ განცახდებას, ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:
“ლევან ბერძენიშვილის ავტოგოლები
კახა კალაძე ავტოგოლების გამტანი კაციაო – იქედნურობს ქართველი ლიბერალების გურუ ლევან ბერძენიშვილი. ავტოგოლი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ეს ფარსაგი საქმე კალაძეზე დიდ ფეხბურთელებსაც ბევრჯერ დამართნიათ, თანაც, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრინციპულ მატჩებში, ვიდრე კალაძის შემთხვევა იყო.
კალაძეს საფეხბურთო ფორტუნამ ერთ თამაშში ენა ორჯერ რომ გამოუყო, ეს მოსატანიც არ არის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის უნიკალურ ისტორიასთან, რომელიც კახიმ ევროპის ჩემპიონთა თასის ორჯერ აღმართვით დაწერა. ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცის ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც ფიზიკურ გასიებას კი მოერია, მაგრამ პოლიტიკური ბოღმით გასიებულ საკუთარ სულთან ვერა გააწყო რა, თავის გაკურდღლებულ სულთან, როგორც თვითონ წერს საბჭოთა უშიშროებისათვის გაშვანშვალებულ მონანიებაში.
კალაძის პასივში ორი ავტოგოლია, რომელსაც საქართველოს ბედი, არც ისე და არც ასე, არ გადაუწყვეტია და არც ქართული ფეხბურთისათვის უვნია, მაგრამ ეს ლევან ბერძენიშვილი და მისი ძმა მთელი ცხოვრება საქართველოს კარში ავტოგოლების გატანით რომ არიან დაკავებული?
ბერძენიშვილებმა ჯერ იქიდან დაიწყეს თავიანთი ავტოგოლობია, კრემლს პუტჩის მოსაწყობად და დამოუკიდებელი საქარველოს აკვანში ჩასაკლავად იდეოლიგიური საფუძვლის მომზადებაში რომ ეხმარებოდნენ და ჯერაც არ დაუმთავრებიათ: სააკაშვილის მიერ ათასგზის გათახსირებულნი და რუსეთის შპიონებად გამოცხადებულნი დღეს სააკაშვილის პარტიას ეტორღიალებიან. ასე გასინჯეთ, ,,კაგებეშნიკ” გრიშა ვაშაძესაც კი დაუჭირეს მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ვითომ მედასავლეთე მეავტოგოლეებმა.
კიდევ, იცით, რა განსხვავებაა კალაძისა და ბერძენიშვილ(ებ)ის ავტოგოლებს შორის? ის ერთი გამონაკლისი შემთხვევა კალაძის საფეხბურთო კარიერასთან ერთად დამთავრდა და ამათ მიერ საქართველოს კარში ავტოგოლების გატანა არა და არ მთავრდება. ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ბერძენიშვილ(ებ)ის ანტიქართული მავნებლობა, თუმცა, პირველში მთლად ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.”, – წერს ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ალბათ, სხვადასხვა საზოგადოებაში ცხოვრობენ, რადგან იმ საზოგადოებაში, რომელსაც პირადად იცნობს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას აღფრთოვნება არ მოჰყოლია.
„გახარია არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში კი არა, საეროდ ცხოვრებაში ერთი კარგი საქმე არ აქვს გაკეთებული და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ის თითქოს ძალიან ძლიერი ფიგურაა, სად ჩანს, მისი პოლიტიკური სიძლიერე?! პოლიტიკური სიძლიერეა მეტოქეებთან კამათი, ამ კამათში გამარჯვება. სადმე გინახავთ გახარია დებატებში?! გახარია არავინ არ არის, ამიტომ თავს ნუ ინუგეშებენ, რომ ის ძლიერი ფიგურაა და ახლა ის გადარჩენს ივანიშვილის წამხდარ საქმეს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ამბობენ, რომ გახარიას პრემიერად წარდგენამ დიდი აღელვება არ გამოიწვია, აღიარებენ მხოლოდ იმას, რომ ახალგაზრდებში გამოწვია აღლევება, თუმცა ახალგაზრდები არ მიაჩნიათ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად.
„ეს იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო. ხელისუფლებამ ვერ დაინახა აქციები, ვერ დაითვალეს ხალხი, თქვეს, რომ 20-25 კაცი დგას, ეგ არაა საზოგადოებაო. კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებაში დასარჩენად საჭიროა თანამდებობაზე დანიშნოს ოთხი პოლიციელი და დანიშნა. მიკვირს, განათლების მინისტრად ჯერჯერობით როგორ არ არის პოლიციელი დანიშნული, მაგრამ ალბათ, ამასაც გამოასწორებენ. ეს წარდგენა არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტის, სადაც იმუქრებიან, რომ უმრავლესობა ერთხმად დავუჭერთ მხარსო, ერთხმად წავლენ პოლიტიკურ საფლავში, ერთად დაიმარხავენ თავს. ეს ყველაფერი, კონფრონტაციის ეს გზა ნანახი გვაქვს, არამხოლდო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.