გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენის საკითხზე ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებას, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:
“ხუხაშვილმა მორიგი საოცარი ხუხიზმი ჰქუხა! ვინმემ ხუხიზმები უნდა მისხალ-მისხალ შეაგროვოს, რათა შთამომავლობას ეს სწორუპოვარი მარგალიტები არ დაეკარგოს! ნუთუ მომავალმა თაობებმა თუნდაც ეს ხუხიზმი ზეპირად არ უნდა იცოდნენ?! აბა, ნახეთ, მსგვასს ვერსად იპოვით:
“გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საკამათო, ხოლო მორალურად მიუღებელი. ახლა ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რაზე გადის მისთვის ფრონტის ხაზი – პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე, თუ მორალურ არჩევანზე…”
ანუ: თურმე პოლიტიკურად სწორია ის, რაც სახელმწიფოებრივად საკამათოა და თანაც ამორალური?!
ძველი ბერძნები სოფიზმებს ინახავდნენ.
ჩვენ კი ხუხიზმების მუზეუმი აუცილებლად, ყოველ მიზეზს გარეშე გვჭირდება!
მუზეუმის დირექტორად და ერთადერთ, განუმეორებელ, ხელთუქმნელ ექსპონატადაც, შეთავსებით, ცხადია, თავად ხუხა უნდა დავნიშნოთ, სანამ ცოცხალია და ჯერ კიდევ ფორმაშია (ღმერთმა 100 წელი აცოცხლოს და გაახაროს ჩვენდა სახალისოდ! მერე კი – ნამდვილად სპირტშია შესანახი, ბუნებრივია, ხუხიზმების ოქროსყდიან მრავალტომეულთან ერთად!)”, – წერს ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვის მანძილზე მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კი საპროტესტო ტალღა გუშინ განახლდა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია იმართება. აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“.
აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. ორგანიზატორების თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მთავრობის მეთაურად გიორგი გახარიას დანიშვნას ხელი შეუშალონ.