“როდესაც ბახტაძის წარდგენა ხდებოდა, ასე გვითხრეს - ეს ყველაზე ჭკვიანია თქვენს შორისო. ახლა კი, როგორც ჩანს, ან გახარიამ გადასწრო, ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით კიდევ უფრო და გახარია გახდა ლიდერი", - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მორიგ საკადრო ცვლილებებს.
"რეალობა კი ასეთია - ეკონომიკის მინისტრობის დროს, გახრია არ გამოირჩეოდა ინიციატივებით. მის პერიოდში არც ეკონომიკური ცვლილება მომხარა, არც არანაირი კანონის ინიცირება. შს მინისტრობის დროს კი, თავი დაგვამახსოვრა როგორც უიღბლო მინისტრმა და საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას.
ამას გარდა, ის არაპოპულარულია დასავლეთში და უფრო ასოცირდება ჩრდილოეთთან. ეს კი, უკვე ჩვენი საზოგადოების და დასავლეთის გამოწვევაა. ხოლო რამდენად გაუძლებს ამდენ გამოწვევას „ ქართული ოცნება" - ამას დრო გვაჩვენებს", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
პარტია "ტრიბუნას" ლიდერის თქმით: "მთავრობასაც ეტყობა, რომ საარჩევნო მთავრობაა - ძალოვანი მინისტრების დომინაციით. ასე რომ, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ, რადგან არამგონია ამ ყველაფერმა რაიმე სიკეთე მოუტანოს ქვეყანას.
უფრო მეტიც, პირადად მაქვს კითხვები გახარიასთან, წულუკიანთან, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ხელშეკრულებაა საიდუმლოებით მოცული და მაინტერესებს აპირებენ თუ არა ამის გასაჯაროებას".
შეგახსენებთ, ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას 8 სექტემბერს გამოუცხადებს.