ივანიშვილი ვა–ბანკზე მიდის

ივანიშვილი ვა–ბანკზე მიდის

ივანიშვილი ვა–ბანკზე მიდის - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვაჟა ბერიძე

ცვლილებები ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში აუცილებლად განსახორციელებელი იყო და იგი წლის დასაწყისში უნდა მოეხდინა ივანიშვილს.

თუმცა, სჯობს გვიან...

რაც აუცილებელია, ის ადრე თუ გვიან მოხდება.

მოხდა კიდეც. ე.წ. „გავრილოვის ღამემ“ ივანიშვილი აიძულა ირაკლი კობახიძე გადაეყენებინა.

ახლა პრემიერის ჯერი დადგა. ეს განათლებული და მშვიდი ახალგაზრდა კაცი, ისე როგორც ირაკლი კობახიძე, ასევე განათლებული ადამიანი, დიდი პოლიტიკისთვის მზად არ აღმოჩნდნენ და წავიდნენ.

ორივე მათგანს საამისოდ ერთი მთავარი მიზეზი ჰქონდათ – ისინი პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ.

მითუმეტეს ბახტაძე ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერად.

პრემიერის გადაყენება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ერთი წლის პრემიერობის შემდეგ, მაინც მარცხია. გუნდის მარცხი.

ივანიშვილი იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. მას სხვა გამოსავალი არ აქვს. 25–30% ელექტორალური მხარდაჭერა ივანიშვილს მომავალ არჩევნებში უშანსოდ ტოვებს, რადგან „ოცნებას“ მოკავშირეები არ ჰყავს. „პატრიოტებთან“ ალიანსი მისთვის წამგებიანი იქნება, თუმცა გარკვეულ ვითარებაში გამორიცხული არ არის.

ამიტომ, მან გადაწყვიტა მხარდამჭერების კონსოლიდაცია. ამის დასტურია გახარიას პრემიერობასა და ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობაზე საუბარი. ამომრჩევლის კონსერვატიულ ნაწილში ისინი პოპულარულები არიან.

და მაინც, ეს ნაბიჯი ცალსახად ივანიშვილის ვა–ბანკზე წასვლას და დიდ რისკს გულისხმობს. ელექტორატის დაახლოებით 50% –ს არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალები“ (მათ ორბიტაზე მყოფებით) . არადა, მომავალი არჩევნების ბედს სწორედ მათი პოზიცია გადაწყვეტს. ელექტორატის ნახევარის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს. მამუკა ხაზარაძეს შეუძლია 10%–ის მობილიზება, მეტს იმ აქცენტებით, რაც გაასაჯაროვა – ახალგაზრდობა და პროდასავლურები – ის ვერ მიიმხრობს, ისიც ძირითად ნაწილს პრონაციონალურ ოპოზიციას წაართმევს. სხვას ჯერ–ჯერობით გაცხადებული პრიორიტეტებით და პერსონალიებით ის ვერ შეძლებს.

ამის გათვალისწინებით, ივანიშვილი – რისკიანი და აზარტული მოთამაშე პოლიტიკოსი გაბედული ნაბიჯით პასუხობს, რაც რეალურად დიდი რისკიცაა და ვა–ბანკიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გახარიას პრემიერად დანიშვნა პრონაციონალურ ოპოზიციას სხვა შანსს არ უტოვებს – უნდა შეძლოს ქუჩის მობილიზება და მოახდინოს პროცესის რადიკალიზაცია.

ასე რომ, ამ შემოდგომიდან დიდ რყევებს უნდა ველოდეთ.