თამარ ურუშაძე

თამარ ურუშაძე "რუსთავი 2"-ზე "კურიერს" წაიყვანს - შემოთავაზებას ელოდება ვახო ხუზმიაშვილი

რუსთავი 2"- ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, არხზე "კურიერის" ერთ-ერთ გამოშვებას ჟურნალისტი თამარ ურუშაძე წაიყვანს. ამავე წყაროს ცნობით, "რუსთავი 2"-ში შეიძლება ვიხილოთ ვახო ხუზმიაშვილიც.

„ნიპოსტის" ინფორმაციით, თამარ ურუშაძე უკვე იმყოფებოდა "რუსთავი 2"-ში და ტელევიზიის გენერალურ დირექტორს პაატა სალიასაც შეხვდა.

ტელეკომოანიაში ვიზიტი არ დაუმალავს ურუშაძეს. ჟურნალისტმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებაც რომ ის "კურიერის" წამყვანი ხდება:

"ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ამ თემაზე. რამდენიმე დღეში თუ დამიკავშირდებით, შემეძლება გითხრათ ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ. ახლა აბსოლუტურად ვერაფერს გეტყვით. ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევი მგონია. დღეს მე "მაესტროშიც" ვიყავი და "იმედის" შენობაშიც. 2 დღეში ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული იქნება და დამირეკეთ მაშინ"- თქვა თამარ ურუშაძემ „ნიუპოსტთან".

რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში წინადადებას აუცილებლად დათანხმდება.

"ამ დრომდე არავითარი მოლაპარაკება არ მქონია. მაგრამ თუ იქნება "რუსთავი 2"-დან შემოთავაზება, უარს ალბათ არ ვიტყვი. იმის შემდეგ რაც ჩემი კოლეგები შევიდნენ ტელეკომპანია "იბერიაში" წარმატებით დავიწყებ მეც მუშაობას თუ შემომთავაზებენ"- აღნიშნა ხუზმიაშვილმა.