ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ საქართველოს მხარის ვერსიებს დრონის ჩამოვარდნის თაობაზე უარყოფს და აცხადებს, რომ საფრენი აპარატი ქართველმა ძალოვნებმა დამიზნებითი სროლით ჩამოაგდეს. ინფორმაციას sputnik-ossetia.ru ავრცელებს.
დე ფაქტო ხელისუფლების КГБ- ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკის ე.წ. КГБ გაგებით ეკიდება საქართველოს მხარის მისწრაფებას, წარმოადგინოს ეს ინციდენტი, როგორც საქართველოს ქარელის რაიონის მაღალტექნოლოგიური განვითარების შედეგი, სადაც სამოქალაქო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ გამოყენებაზე არიან გადასული.
„ეს ფაქტი, ჩვენდა სამწუხაროდ, არ შეესაბამება სინამდვილეს, - განაცხადა ბიაზროვამ.
დე ფაქტო ხელისუფლების КГБ-ში აღნიშნეს, რომ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ჯერ დრონის ნარჩენების ევროკავშირის მისიისთვის წარდგენა და შემდეგ ექსპერტიზისთვის მისი „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებისთვის გადაცემა იქნება, ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ჩარჩოებში გამართულ შეხვედრაზე.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება, თითქოსდა დრონის ჩამოგდება ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.