“ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია, წლებია ჩვენ ვმეგობრობთ და მე მხოლოდ მიესალმებოდი მის შსს მინისტრობას,” -აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ის პარტიის პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგია.
კახა კალაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა მიიღოს, რომელიც საზოგადოებას ახალ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.
„გავრცელებული ინფორმაცია არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი, ვინ მოიგონა და საიდან მოიტანეს ეს აბსურდი და სისულელე (მე ასე დავარქმევდი ამას). პირველი, რაც მინდა ვთქვა - ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლებია ჩვენ ვმეგობრობთ. მეორე - გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი, თუ ვინ იქნებოდნენ მინისტრობის კანდიდატები. განხილულიც კი არ ყოფილა ეს. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი წარადგენს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მის გუნდში. მე თუ მეკითხებით, როგორც გენერალურ მდივანს, რა თქმა უნდა, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, ვფიქრობ, ის იქნება ძალიან ძლიერი შს მინისტრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ვერსია, რომ ბახტაძის გადაყენება და პრემიერის პოსტზე მოქმედი შს მინისტრის გადაყვანაა დაგეგმილი. შს მინისტრის თანამდებობაზე კი ერთ-ერთ ვერსიად ირაკლი ღარიბაშვილის ვერსიას განიხილავენ.