საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, სამხედრო კოალიციამ იემენში პენიტენციურ დაწესებულებაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, იერიშებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სამხედრო კოალიციის განცხადებით, მათი სამიზნე ამბოხებული ჰუთის კუთვნილი დაწესებულება იყო, სადაც მებრძოლები დრონებსა და ჭურვებს ინახავენ. თუმცა, თავად ამბოხებულები ირწმუნებიან, რომ იერიში განხორციელდა შენობაზე, რომელსაც საპატიმროდ იყენებენ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ წითელი ჯვრის წარმონმადგენლები. იემენში წითელი ჯვირს დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „შენობა, რომელზეც დარტყმები განხორციელდა ადრე კოლეჯი იყო და ახლა მას ამბოხებულები პენიტენციურ დაწესებულებად იყენებენ. ყველაზე შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ თავდასხმა ციხეზე განხორციელდა. ასეთ შენობაზე იერიშის მიტანა შოკის მომგვრელი და სამწუხარო ფაქტია, რადგან პატიმრებს საერთაშორისო კანონი იცავს,“- განმარტა ფრანც როჩენსტეინმა.
როჩენსტეინის თქმით, დაღუპულების რაოდენობა 100-ს აჭარბებს, ხოლო 40 დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
იემენში სამოქალაქო ომი 2015 წლიდან მიმდინარეობს. ერთმანეთს იემენის ხელისუფლება და ამბოხებული ჰუთი უპირისპირდებიან. სამთავრობო ძალებს საუდის არაბეთი, სამხედრო კოალიციით ეხმარება.
სამოქალაქო ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მსოფლიოს ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.