ვინ არიან ცნობილი ტელეწამყვანები, რომლებიც „რუთავი 2“-ზე რჩებიან

ვინ არიან ცნობილი ტელეწამყვანები, რომლებიც „რუთავი 2“-ზე რჩებიან

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ანი გიუნტერი, გიორგი ქორქია, სანდრო სანაია და სპორტის ჟურნალისტი დავით ფრანგიშვილი დარჩნენ.

„პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ანი გიუნტერსა და გიორგი ქორქიას დაუკავშირდა. თუმცა, კომენტარის გაკეთებისგან ორივემ თავი შეიკავა.

„პრაიმტაიმი“  დილის გადაცემის პროდიუსერს, ლიკა კინწურაშვილს დაუკავშირდა.

„გიდასტურებთ, რომ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დღეს დავტოვეთ. არხზე დარჩნენ გიორგი ქორქია, ანი გიუნტერი, სანდრო სანაია, რუსუდან ძნელაძე, ელენე ჩიტაშვილი. ვინც წამოვედით, რამდენიმე ადამიანი ტელეკომპანია ფორმულა კრეატივში გავაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების საბოლოო სტადიაზე ვართ.

- დარჩენა თუ შემოგთავაზეს და რა პირობები  ჰქონდა, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას?

- ყველანაირი პირობები შემოგვთავაზეს, სარედაქციო დამოუკიდებლობა, სტაბილურობისა და ხელფასების გარანტიები და ა.შ. მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წამოვედით, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ასე უმჯობესია. ძირითადი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ  არ ვიცით ჩვენი მომავალი და ვერ ვენდობით მხოლოდ სიტყვებს.

- ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეთ?

- თანამშრომლების ძირითადი ნაწილი შვებულებაში იყო. გუნდს ფიქრის დრო მივეცი, შესაბამისად, დღეს ყველა სამსახურში შევიკრიბეთ და მათ ჩემი წასვლის შესახებ ვუთხარი, ყველა ერთმანეთს ჭადრაკის ფიგურებივით მიყვნენ. უმრავლესობას გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. კრეატივმა პირველმა შემოგვთავაზა მათ გუნდში ყოფნა და ჩვენც დავთანხმდით. თანაც გრძელვადიანი პროექტის პერსპექტივა ამ არხზე ჩანს. მართალი გითხრათ, გვინდა აპოლიტიკურებად დავრჩეთ, როგორც აქამდე ვიყავით, უფრო სოციალურები და კრიტიკულები.

- დარჩენილ თანამშრომლებთან თუ გქონდათ საუბარი?

- ჯობია მათ თავად ისაუბრონ ამის შესახებ. ვიღაცეებს რაღაცეების სჯერათ, რადგან დილის გადაცემა გასართობია, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცეებზე პროტესტი არ გვაქვს.

8 წელი ვიყავი რუსთავი 2-ზე პროდიუსინგში. ბოლო წუთამდე მივიტანე ჩემი გადაწყვეტილების გაცხადება. რაღაცნაირად იქ დარჩენილ ბავშვებს თითქოს ვუღალატე, მაგრამ ეს ჩემი რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც მივიღე“ - აცხადებს ლიკა კინწურაშვილი.