სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
როგორც სალიამ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა, რაც გამოწვეულია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში გატარებული მიზანმიმართული ქმედებებით.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 6 დღით ადრე „რუსთავი 2“-მა დადო ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში არის გაქვითული მთელი საარქივო მასალა, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 1994 წლიდან 2019 წლამდე.
რაც ყველაზე მთავარია, ამ უნიკალური საარქივო მასალის, რომელიც ტელეკომპანიის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს, სხვაგან გამოყენების და გასხვისების უფლება მოიპოვა „ინტერმედიამ“, რომლის ერთ-ერთი მეწილე დღეს განიხილება ერთ-ერთი ახალი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად.
საინტერესოა, რატომ დადო ნიკა გვარამიამ ასეთი ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს“, - განაცხადა სალიამ.
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მისი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი და ამიტომ ის „რუსთავი 2“-ის 100%-იან წილს ყიდის.