პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი საუკუთარი ოჯახის გაუხმაურებელ ისტორიას ჰყვება და ხელისუფლებას აკრიტიკებს.
"მე ვარ რეპრესირებული ოჯახიდან. აი, ახლა, რასაც შერჩევით სამართალს და პოლიტიკურ პატიმრებს ვეძახით, ეს არის მამაჩემის საქმე. 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩემი მამა, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორი, დააკავეს ამ კონტექსტით. ბრალის დადგენილებაში ეწერა დიდი ოდენობის თანხის „დაფანტვა“. (არაიურისტებისთვის, განვმარტავ, რომ ასეთი ტერმინი სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს).
იგი 6 თვე ჩასვეს ციხეში, სრულიად დაუსაბუთებლად. მოათავსეს საკანში, სადაც მასთან ერთად იყო ერთი წლით ადრე მისი გატაცებისთვის მსჯავრდებული პირი. იყო ბევრი სხვა სისასტიკეც, რაზეც ახლა აქ არ მოვყვები. ამ პირობებში, ციხეში, მას ისევე როგორც იმ პერიოდში ემართებოდათ ხოლმე ადამიანებს - გაუჩნდა „დაუძლეველი სურვილი“ სახელმწიფოსთვის „ეჩუქებინა“ საავტომობილო ქარხნის აქციები. ასევე, გადაერიცხა თანხა ანგარიშზე, რომელიც საჯაროდ არ არსებობდა და არც სასამართლოს დადგენილებაში იყო მითითებული (ამ ანგარიშს მაშინ ერქვა „სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერების ფონდი“ ). ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
დეტალურად არ მოვყვები იმას, რაც ჩემმა ოჯახმა გამოიარა, რაც გამოვიარე პერსონალურად მე - შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ყველაზე მოწყვლად ასაკში გესვრიან ორივე ფეხში! არ ვიცი, როგორ ვიპოვე ჩემში ძალა, დავდექი ფეხზე და აქამდეც მოვედი!
აი ასეთი ბიოგრაფიის ადამიანს, მესვრიან ტალახს და მიწოდებენ „ნაცს“, მიწოდებენ მიკერძოებულს, ანგაჟირებულს, რატომ?! იმიტომ, რომ არგუმენტები არ აქვთ იმ სიმართლეზე, რაზეც მე ვსაუბრობ.
დღესაც ყურში მესმის იმ ტელევიზიის (რ2) დიქტორის ხმა, რომელსაც ბოლო 5 წელი გააფთრებული ვიცავ ამჟამინდელი ხელისუფლებისაგან, დილით როგორ გამოაცხადეს მამაჩემი მილიონების მიმთვისებლად, საღამოს ეს მილიონები რამდენიმე ათასი გახდა და ბოლოს - ვერც ამ რამდენიმე ათასის გაფლანგვა დადასტურდა (საქმეში არსებობს არაერთი აუდიტის დასკვნა, რომ ბრალდება სრული აბსურდია). მაგრამ მე ვიცავ ამ ტელევიზიას და დავიცავ ყოველთვის, როცა ის იქნება ოპოზიციური! რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიციური მედიის სისუსტე და არარსებობა აძლევს ხელისუფლებას მწვანე შუქს - იძალადოს მოქალაქეებზე.
საქმეს, რომელიც ზემოთ აღვწერე, იძიებს ოცნების მიერ „რეფორმირებული და დეპოლიტიზირებული პროკურატურა“, არაერთი წელია. არასდროს, არასდროს არ გამომიყენებია ჩემი პოზიცია არც საჯაროდ, არც კულუარულად, ან მომეკითხა ამ საქმის ბედი, ან რამენაირად ზეგავლენა მომეხდინა მასზე.
ძალიან კარგად ვიცი, რომ არაფრის გამომძიებლები თქვენ არ ხართ. სამართლიანობის აღდგენა იყო ერთი დიდი ბლეფი. ამის მაგივრად, ახალი უსამართლობები დაატრიალეთ - რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა ეს უსამართლობა თავიდან მიცოცხლებს 16 წლის წინანდელ ჭრილობებს!" - წერს ნაცვლიშვილი.