პროკურატურა გვარამიასთვის გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს

პროკურატურა გვარამიასთვის გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს

პროკურატურა „რუსთავი 2“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს. სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძღვება.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.