„ევროპელებმა უკრაინის მაგალითზე ისწავლეს, რომ რუსეთი უნდა შეაკავონ. ის მიამიტური შეხედულება, რომ რუსეთი ერთ-ერთი ჩვენგანია და მას კარგად უნდა მოვექცეთ, აღარ არსებობს", - ამის შესახებ მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.
მეთიუ ბრაიზას თქმით, შეერთებულ შტატებს და ევროპას დიდი დრო დასჭირდათ რუსეთის საფრთხის გასაანალიზებლად.
„დასავლეთმა, მათ შორის, ვაშინგტონმა, უფრო მეტის გაკეთების ნაცვლად და რუსეთის შეკავებაში მთავარი როლის აღების მაგივრად უკან დაიხია. ამან, მოგვიანებით, საფუძველი ჩაუაყარა ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთთან და ეს სამწუხარო და სტრატეგიულად დამაზიანებელი იყო. შეერთებულ შტატებს და ევროპას დიდი დრო დასჭირდათ რუსეთის საფრთხის გასაანალიზებლად.
ევროპელებმა უკრაინის მაგალითზე ისწავლეს, რომ რუსეთი უნდა შეაკავონ. ის მიამიტური შეხედულება, რომ რუსეთი ერთ-ერთი ჩვენგანია და მას კარგად უნდა მოვექცეთ, აღარ არსებობს. ვხედავთ სოლიდარობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების კუთხით. ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში ანახლებს სანქციებს. თუმცა არსებობს საფრთხე ამ ერთიანობის წინაშე. პოპულისტური ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნგრეთში თუ იტალიაშია, არ არიან ენთუზიაზმით სავსე სანქციების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. თუმცა ახლო მომავალში ეს ერთიანობა შენარჩუნდება და დასავლეთი არ დაივიწყებს გაკვეთილს თუ რა საფრთეს წარმოადგენს რუსეთი", - განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ომიდან 11 წლის შემდეგ, რატომ არის ისევ განხილვის საგანი ის, თუ ვინ დაიწყო ომი, მეთიუ ბრაიზა პასუხობს, რომ ნარატივების ბრძოლაში რუსეთმა გაიმარჯვა. მისივე თქმით, იმ პერიოდში რუსეთი მიხეილ სააკაშვილის კუთხეში მომწყვდევას ცდილობდა, საიდანაც გამარჯვებული გამოსვლა შეუძლებელი იყო.
„კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. წლების განმავლობაში რუსეთი დგამდა ნაბიჯებს, როგორიცაა პასპორტიზაცია, ქართული დრონების ჩამოგდება, წარსული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა და სარკინიგზო მილიტარიზება. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. თუმცა ის წარმატებულად აკონტროლებდა ნარატივს. ის თამაშობდა დასავლეთის მიერ სააკაშვილის არასწორ აღქმაზე, რომ ის იმპულსური იყო და აშინებდა დასავლეთს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერი შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანდა ვითარებას. ასევე, საზიანო იყო ევროკავშირის ანგარიში, ომის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ გაისროლა პირველი. მე ვთვლი, რომ აბსულუტურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ ვინ გაისროლა პირველი, რადგან დაბალი ინტენსივობით სამხედრო კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მოკლე პასუხი თუ რატომაა ეს ჯერ ისევ განხილვის საგანი ისაა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა ნარატივების ბრძოლაში", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.