ნიკა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა „პრაიმტაიმთან" დაკავშირებით ბინების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მას და ნიკას ამაზე საუბარი ჰქონდათ და ის მეუღლეს ყველაფერში დაეთანხმა.
„ბინასთან დაკავშირებით მე და ნიკას გვქონდა საუბარი, მე მაგ დროს ამერიკაში ვიყავი. გამიზიარა, რისთვისაც სჭირდებოდა ამ ბინის გაყიდვა და მეც დავთანხმდი ცხადია, იმიტომ რომ მე მჯერა ნიკასი, მჯერა რომ ის თავის მიზანს ყოველთვის აღწევს მჯერა იმისი რომ ის ძალიან კარგ საქმეს ემსახურება და ვთვლი რომ დღეს საქართველოში ერთადერთია ვინც ესე უსასყიდლოდ იმისთვის იბრძვის რომ მისმა შვილებმა და შვილიშვილების თაობამ შეძლონ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება", - განაცხადა ნიკა გვარამიას მეუღლემ.
„ჩვენ ამჟამად დღეს ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, კრედიტით შევიძინეთ ბინა მაგრამ მისი გარემონტება სახსხრების გამო ვერ შევძელით თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ბინაც გავყიდეთ, კრედიტი ჩაიფარა იმ ფულით, ამ წუთას მე და ნიკა შვილებთან ერთად ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში", - განმარტა „რუსთავი2"ის ყოფილი დირექტორის მეუღლემ.
პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დღეს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ საქმეში არის ბინების ეპიზოდიც, რომლის მიხედვით, 2016 წლის პერიოდში, კომპანია „ინტერ მედიამ", რომელსაც რუსთავი 2 - ის იმჟამინდელი დირექტორი, დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, საკუთრებაში ვაკეში მდებარე, 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ მიიღო. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გადაეცა, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა - საერთო ჯამში 602 521 ლარად.