რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ე.წ. ბორდერიზაციას არა რუსული, არამედ „სამხრეთ ოსური მხარე“ ახორციელებს.
მისი თქმით, ქართველი და დასავლელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები 2008 წლის კონფლიქტის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „რუსეთი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს გეგმაზომიერი გახლეჩისა და მიტაცების თავის გრძელვადიან სამხედრო-დიპლომატიურ კამპანიას“.
მარია ზახაროვას თქმით, „რუსი მესაზღვრეები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარზე რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არავითარ სამუშაოებს ამ ორ ქვეყანის საზღვარზე არ აწარმოებენ“.
„საზღვრის მოწყობის ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გეგმიურად ხორციელდება. ამის მიზანია ორი მოსაზღვრე სახელმწიფოს მოსახლეობის უსაფრთხო და უკონფლიქტო ცხოვრებისთვის პირობების შექმნა. ასეთი ნაბიჯები საზღვრის შემთხვევით დარღვევის ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირი ინციდენტების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.