ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენება, არის ხელისუფლების მცდელობა გვარამიას განეიტრალებისა, რათა მან ახალი ტელევიზია არ შემქნას. ამის შესახებ “2020NEWS” გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რაზეც დღეს პროკურატურა საუბრობდა ბრიფინგზე ამაზე გაკვრითაც კი არ ყოფილა საუბარი გვარამიას გამოკითხვის დროს და ამ საქმეს არანაირი შემხებლობა არ აქვს სამართალთან.
“ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენება არ ყოფილა მოულოდნელი, იმიტომ,რომ როგორც კი ეს გამოძიება დაიწყო, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ქმედების მიზანი პროკურატურის მხრიდან იყო არა რაღაცების გამოკვლევა, არამედ ნიკა გვარამიას განეიტრალება, რათა მან არ შექმნას ახალი ტელეკომპანია. მას შემდეგ რაც ხელისუფლებას “რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდო, ვინმე ქიბარ ხალვაშის მეშვეობით, ეხლა ახალი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვან ახალი ტელევიზიის შექმნა. ეს არის ხელისუფლების მიზანი და ამისთვის იარაღად საქართველოს პროკურატურას იყენებს, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. საქმის სამართლებრივ მხარე, ძალიან რთულია, რადგან ამას აქვს ორი მიზეზი, მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ რეალურად ამ საქმეს არანაირი შემხებლობა არ აქვს სამართალთან და სამართლებრივი მხარე საერთოდ არ გააჩნია. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე იმიტომ, რომ მაგალითად დღეს რაზეც პროკურატურა საუბრობდა ბრიფინგზე გაკვრითაც კი არ ყოფილა ამაზე საუბარი ნიკა გვარამიას გამოკითხვისას, კითხვაც კი არ დაუსვამთ, მაშინ როდესაც ეს გამოკითხვა იყო ძალიან ვრცელი და 45 გვერდიანი დაკითხვის ოქმი არსებობს. ბუნებრივია, ეს ნიშნავს,რომ პროკურატურას გარკვევა კი არ აინტერესებს, არამედ ნიკა გვარამიას დაჭერა აქვს მიზნად“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ადვოკატის თქმით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე რთული სათქმელია აღკვეთი ღონისძიების სახით გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურა გამოიყენებს თუ არა პატიმრობის მოთხოვნას.
“ძალიან რთულია იმის თქმა, აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა მოითხოვს თუ არა პატიმრობის გამოყენებას. ეს ,რომ იყოს სტანდარტული სიტუაცია, რომელშიც როგორც ადვოკატი ვიქნებოდი ჩართული, შემეძლო მევარაუდა და დემოკრატიულ ქვეყანაში ადვოკატმა საქმის გარემოებებიდან შესაძლოა, ივარაუდოს, რა იქნება საქმის გაგრძელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროკურატურა არის ხელისუფლების იარაღი. შესაბამისად ეს დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამოა, ამიტომაც შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო, რას გააკეთებს ხელისუფლების იარაღი“, - განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა,რომ ნიკა გვარამიას ბრალი სსკ -ის 220-ე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.