„რაც უფრო მეტად დავხრით თავს, მით უფრო მეტად დაგვაწვება კისერზე აგრესორის ჩექმა“

„რაც უფრო მეტად დავხრით თავს, მით უფრო მეტად დაგვაწვება კისერზე აგრესორის ჩექმა“

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა და 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული დღეები გაიხსენა:

„თუ 2008 წლამდე კიდევ არსებობდა ილუზია, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემები შიდა ეთნიკური დაპირისპირებით იყო გამოწვეული, 2008 წლის აგვისტოს ომმა გააშიშვლა ეს პრობლემა და ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ჯარისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იყო სამამულო ომი, რომლის დროსაც ყოველი, ვინც ქართული სახელმწიფოს სახელით იბრძოდა, იცავდა საკუთარი სამშობლოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის. ვფიქრობთ, რომ ყოველი ამისგან განსხვავებული აზრი ეწინააღმდეგება თვით ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი სუვერენობის იდეას. ჭრილობა, რომელიც ამ ომში მიადგა საქართველოს და მის მოქალაქეებს, ძალიან მტკივნეულია; ასეთი ჭრილობები ადვილად არ ხორცდება; მათი დავიწყება არათუ ძნელი, არამედ შეუძლებელიც კია, რადგან ეს არის ჩვენი ცოცხალი ისტორია, ჩვენი ცხოვრება, ბედი და მას თავისი კუთვნილი ადგილი უკავია ჩვენს მეხსიერებაში."

მეუფე ამბობს, რომ ქვეყანა ყველა პრობლემას გადალახავს, თუმცა ამას ბრძოლა სჭირდება:

„რაც უფრო მეტად დავხრით თავს, მით უფრო მეტად დაგვაწვება კისერზე აგრესორის ჩექმა. ასეთია დამპყობლისა და დაპყრობილის ურთიერთობის ფსიქოლოგია. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი; ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ტიპის კონფლიქტები სხვა სახელმწიფოებშიც განვითარდა; ამ კონფლიქტების წყარო ერთი და იგივეა; ეს ყველაფერი არის მტკივნეული რეაქცია იმაზე, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი და ეს უზომოდ აწუხებს მას, ვინც საბჭოთა კავშირის რღვევას განიხილავს როგორც გეო-პოლიტიკურ კატასტროფას და უპატიებელ შეცდომას; ასეთი მიდგომები კი სრულად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და სულიერ ინტერესებს."