„თანხებთან თამაში“ „რუსთავი 2“-ს გაჩენის დღიდან ყოველთვის ახასიათებდა

„თანხებთან თამაში“ „რუსთავი 2“-ს გაჩენის დღიდან ყოველთვის ახასიათებდა

პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა, ტელეკომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ აღნიშნული ამბავი ახალი არ არის, რადგან მისივე თქმით, თანხებთან თამაში „რუსთავი 2"-ს ყოველთვის ჰქონდა.

„ანალოგიური ტკივილი გაჟღერდა იმ საჩივარში - 9%-იანი წილის მფლობლის ქალბატონის საჩივარში - რომლის საფუძველზედაც იყო ეს დაბარებები. გარდა გვარამიასი, ანალოგიური მდგომარეობა - „თანხებთან თამაში", თუ შეიძლება ასე ითქვას, - „რუსთავი 2"-ს გაჩენის დღიდან ყოველთვის ახასიათებდა.

„რუსთავი 2"-ს დავალიანებები სულ ჰქონდა, ერთხელ შევარდნაძის პერიოდში, მერე -სააკაშვილი პერიოდში, ოღონდ სააკაშვილი ამ დავალიანებებს არ უწევდა ანგარიშს, ხოლო სხვა ტელევიზიებს მაშინ მკაცრად სთხოვდნენ ამას; და ახლა ივანიშვილის ეპოქაში მოხდა ეს. ასე რომ, ეს ამბავი ახალი არ არის და რადგან ახალი არ არის, გასაოცარი ინფორმაციაც არ არის. ვთვლი, რომ გამორიცხული არაა რეალურად იყოს მასეთი მდგომარეობა.

„თანხის გაფლანგვა გარედან არ ჩანს. რაც შეეხება ეკრანს, ვიზუალური თვალსაზრისით და დადგმების თვალსაზრისით ერთერთი ძლიერი ტელევიზიაა, რეკლამების თვალსაზრისითაც სარეკლამო ბაზარზე საკმაოდ ძლიერი ტელევიზიაა, მაგრამ გაფლანგვა ხდება შიგნით. ღირს თუ არა ეკრანზე გასული მასალა ის თანხა, რაც მათ შეუვიდათ, თუ უფრო ნაკლებია, ამის თქმა გარედან ძნელია", - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მან ტელეკომპანია „ტვ პირველის" მფლობელის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკვშირებითაც ისაუბრა.

„ეტყობა ხელისუფლებას ტელევიზიების მფლობელებთან ინტერვიუები სჭირდება, რომ ისწავლოს ტელევიზიის ფლობა. ეს ხუმრობით, მაგრამ თუ ამას სერიოზულად გავცემთ პასუხს, ჯერჯერობით სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა არც ერთ და არც მეორე ტელევიზიაში. ამ დაბარებებისთვის პოლიტიკური შინაარსის მიცემა ნაადრევი მეჩვენება იმ მხრივ, რომ მაშინ ბრალდება გამოვა.

„თუკი აღმოჩნდა, რომ დაბარებების და ამ პროცესების შემდეგ სარედაქციო პოლიტიკებმა ერთსიც და მეორეშიც ცვლილებები განიცადა, მაშინ პოლიტიკური მოტივი იკითხება ამ სამართლებრივ პროცედურებში და ეგ უაღრესად საგანგაშო მოვლენა იქნება რა თქმა უნდა", - აცხადებს პოლიტოლოგი „რეზონანსთან".