ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ დადასტურდა

ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ დადასტურდა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის არსებობის ფაქტი არ დაადასტურა. როგორც დასკვნაში წერია, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის. აღნიშნულ ფაქტს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ გუნდში “გაყალბებად” აფასებენ.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაყალბებულია, რომელიც ეხება დოკუმენტს, რომლის მიხედვით ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილს დაუთმო. ამ საკთხზე, პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას შეფასებით, ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი არის დაპატიმრებული – „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო“.

ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა. ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.