ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი:  სირცხვილი ამ სასამართლოს

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი: სირცხვილი ამ სასამართლოს

სირცხვილი სასამართლოს, - ასე შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

ის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„რას ამბობს სასამართლო შეიძლება მიიმალოს, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს და ახალი დანაშაული ჩაიდინოსო. წერილობით გააფრთხილა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომ 2 ივლისს მივფრინავ, თუ მანამდე რამე გინდათ, მკითხეთ, ან ჩამოვალ და მერე დამიძახეთო. დაუძახეს მივიდა. რა დასაბუთებულ ვარაუდზეა საუბარი. რომელ მოწმეებზე უნდა მოახდინოს ზემოქმედება? ეს ხომ არ მოხდა გუშინ და დღეს დააკავეს? ერთ თვეზე მეტია ეს ამბავი მოხდა. თუ ვინმესთან რამის თქმა უნდოდა, აქამდე ეტყოდა. ახალი დანაშაული შეიძლება ჩაიდინოსო, თან აღნიშნავს კრიმინალური წარსული არ აქვს, ნასამართლევი არ არისო, სამივეზე თქვა. ამის მიუხედავად, მაინც ამბობს, შესაძლოა, მაინც დანაშაული ჩაიდინოსო. არ ვიცი, ისევ აპირებენ გავრილოვის ღამის მოწყობას და ვიღაცის ჩამოყვანას, რაც ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუ ოქრუაშვილი კრიმინალია და ქუჩაში მისი ყოფნა საშიშია?" - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებეში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.