პატიმრობას თუ გადაურჩა ელექტრონული სამაჯურით გააჩერებენ - ოქრუაშვილის ადვოკატი

პატიმრობას თუ გადაურჩა ელექტრონული სამაჯურით გააჩერებენ - ოქრუაშვილის ადვოკატი

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას მსგავსად, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახედ ელექტრონული სამაჯური ან აკრძალვის სხვა ფორმა გამოიყენოს.

„ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,  მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას. ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები და სხვა არაფერი.

რაც შეეხება აღკვეთს, სწორი პოზიცია ის იქნება, რომ აღკვეთის გარეშე დატოვოს სასამართლომ, თუმცა რეალობას თუ შევხედავთ, პატიმრობას თუ ასცდება, არ არის გამორიცხული, როგორც მელიას შემთხვევაში სამაჯურით და სხვა ფორმის აკრძალვებით რომ გააჩერონ და სახლიდან არ გამოვიდეს. ფაქტობრივად, ეს მისთვის იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“ – განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.